leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: დღეს იმ 49 ოპოზიციონერი დეპუტატის გადასარჩენად, რომელთაც პარლამენტზე უარი თქვეს, კაციშვილი აღარ ჩამოვა, მიხაილ როთის გარდა, რადგან ამ მარგინალებისთვის აღარავის სცალია

„თითქმის იდენტური პროცესი ვიხილეთ საქართველოში 2021 წელს ოპოზიციის მხრიდან [პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით], რაც 2025 წელს ისევ გამეორდა“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა, 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით თემაზე კომენტირებისას.

დავით ქართველიშვილის თქმით, დღეს ამ 49 დეპუტატის გადასარჩენად სხვა ქვეყნებიდან კაციშვილი აღარ ჩამოვა, ისე, როგორც ეს 2021 წელს მოხდა, რადგან ამ მარგინალებისთვის აღარავის სცალია.

„2021 წელს თეთრი სახლის ხელისუფლებაში ბაიდენის ადმინისტრაცია იყო და ევროკავშირის სტრუქტურების სათავეში მათ მიერ მართული ევროკომისრები იყვნენ. შესაბამისად, ჩვენს რადიკალებს შეეძლოთ მიემართათ თავიანთი სიტუაციური მოკავშირეებისა და აგენტოკრატებისთვის დახმარების თხოვნით, ჩამოეყვანათ ფასილიტატორები თუ მედიატორები და ვითომ მათი დაჟინებული მოთხოვნის ფონზე შესულიყვნენ ისევ პარლამენტში. დღეს კი მათ გადასარჩენად კაციშვილი აღარ ჩამოვა, მიხაილ როთის გარდა, რომელიც ის დონე არ არის, რომელსაც შეუძლია ინსტრუქცია ჩამოიტანოს, ან მითითებები გასცეს, რადგან ამ მარგინალებისთვის აღარავის სცალია. შესაბამისად, ეს 49 ადამიანი, რომელთაგანაც დიდი ნაწილი ალბათ მისტირის იმ გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტი დატოვა, საკუთარ დაგებულ ხაფანგში მოხვდა და ის ხიდები ააფეთქა, რომლითაც ამომრჩევლის ნებასთან მიდიოდა.

ვინ უნდა ჩამოვიდეს მათთან – ურსულა ფონ დერ ლაიენი? რომელიც მათივე „დანოსების“ თანახმადვე, ამ ხელისუფლებას ლეგიტიმურად არ ცნობს? ამიტომ, ისინი ყველაფრის მიღმა დარჩნენ. მაგრამ ამ ყველაფერს თავისი პლუსიც აქვს – ამ 49 დეპუტატის ყოველთვიური ხელფასის დანაზოგით, სამივლინებო ხარჯები რომ არ ჩავთვალოთ, ოთხწლიანი პერიოდის გათვლით, 30 მილიონ ლარამდე ეკონომია შეიძლება გავუკეთოთ ბიუჯეტს და ეს თანხები საგანმანათლებლო, სამედიცინო, სოფლის მეურნეობის თუ სხვა სფეროების განვითარებისკენ მივმართოთ“, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

ასევე იხილეთ