ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად, უკრაინაში 150 სამხედრო დაბრუნდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, სახლში დაბრუნდნენ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მებრძოლები, რომლებიც მარიუპოლში და ზაპოროჟიეს ოლქში ტყვედ ჩავარდნენ.
ასევე, გათავისუფლდნენ სამხედრო-საჰაერო ძალების, სადესანტო და სახმელეთო ჯარების, ეროვნული გვარდიის, სასაზღვრო სამსახურის, ტერიტორიული თავდაცვისა და პოლიციის წარმომადგენლები.
ზელენსკის თქმით, ზოგიერთი მათგანი ოკუპანტებმა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ტყვეობაში ამყოფეს.
მან მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ტყვეთა გაცვლის პროცესში დახმარებისთვის.