სოზარ სუბარი: არ უნდოდათ ძალიან რბილი კანონი? სიტყვა-სიტყვით გადმოვიღებთ ამერიკულ კანონს, ამერიკულ „ფარას“, რომელიც იქნება მორგებული ქართულ რეალიებზე
„არ უნდოდათ ძალიან რბილი კანონი? სიტყვა-სიტყვით გადმოვიღებთ ამერიკულ კანონს . ამერიკულ „ფარას“, რომელიც იქნება მორგებული ქართულ რეალიებზე”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპონენტების კრიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც იმ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხება, რომლის დაინიცირებას „ქართული ოცნება“ გეგმავს.
მისი თქმით, გაცილებით ლიბერალური იყო „გამჭვირვალობის კანონი“ თუმცა ის „დაბრენდეს“, როგორც რუსული, ამიტომ ახლა დაინიცირდება კანონპროექტი, რომელიც სრულად იქნება ამერიკული „ფარას“ ანალოგი.
„როდესაც ჩვენ დავიწყეთ საუბარი, რომ უნდა მივიღოთ „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონი“, რომ ვიცოდეთ ვინ, რას და რამდენს ხარჯავს ჩვენს ქვეყანაში ამას მოჰყვა გაცილებით მკაცრი განცხადებები. ეს კანონი მონათლეს რუსულ კანონად. დღეს როდესაც USAID-ზე ვლაპარაკობდით, გამჟღავნდა თუ როგორი აუცილებელი ყოფილა ამ კანონის არსებობა.
ამ განცხადებებს არ აქვს არანაირი მნიშვნელობა ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი იყოს დაცული.
არ უნდოდათ ძალიან რბილი კანონი? სიტყვა-სიტყვით გადმოვიღებთ ამერიკულ კანონს, ამერიკულ „ფარას“, რომელიც იქნება მორგებული ქართულ რეალიებზე.
ამერიკულ კანონში არის, რომ პირველივე ცენტიდან ექნებათ დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, იგივე გადმოვა ჩვენთანაც. სანქციებიც იქნება უფრო მკაცრი და და ვერავითარი გვერდის ავლის გზებს ზოგი, რომ ესტონეთში გადარეგისტრირდა ქართული „ენჯეო“ და ზოგი ლატვიაში და ლიტვაში ვერანაირ გვერდის ავლის გზებს ვერ ნახავენ, მაშინ როდესაც ქართული კანონი, რომელიც არ მიიღეს მათ, იმდენად ლიბერალური იყო, რომ ასეთი გვერდის ასაქცევს ტოვებდა“, -განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, რაც შეეხება მედიასთან დამოკიდებულებას, სრულად იქნება ბრიტანული მოდელი გადმოღებული.
„ვის რა უნდა ჰქონდეს საწინააღმდეგო, რომ ის სტანდარტი იყოს ქართულ ჟურნალისტიკაში, რომელიც არის ბრიტანულ ჟურნალისტიკაში. თანამშრომლების გაშვებასთან დაკავშირებით, რაც დამოუკიდებელი საქართველო ვართ ვამბობთ, რომ ამერიკა არის ჩვენი შუქურა რომლის მაგალითებიც უნდა გადმოვიღოთ. ამერიკაში არავის არ უთქვამს, რომ დემოკრატია არ არის მაგრამ ტრამპი ერთი განცხადებით რამდენიმე ათას ადამიანს უშვებს ქუჩაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.