შალვა პაპუაშვილი: ყოველგვარი შინაარსობრივი საკითხები რომ მოიხსნას, აგერ არის აშშ, მათი „ფარა“, რომლითაც ჩვენ ყველა ვსარგებლობთ, გამართულად მუშაობს და გადმოვიღეთ ერთი-ერთში
“ყოველგვარი შინაარსობრივი საკითხები რომ მოიხსნას და ახნა-განმარტებები არ იყოს საჭირო, აგერ არის აშშ, მათი „ფარა“, რომლითაც ჩვენ ყველა ვსარგებლობთ, გამართულად მუშაობს და გადმოვიღეთ ერთი-ერთში”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ „ფარას“ კანონის მეშვეობით გახდა ცნობილი იმ ლობისტებისა და მფარველების შესახებ, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან კავშირში.
„გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით, ამერიკული ფონდების დაფინანსებით, პირდაპირ ააჯანყეს საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციები იმისათვის, რომ პირდაპირ მოეხდინათ დისკრედიტაცია კანონისა, რომელიც ჩვენ მივიღეთ. მსჯელობების დროს ვხედავდით, რომ ზოგს წაკითხულიც კი არ ჰქონდა გამჭვირვალობის კანონი. ხალხს, რომელიც ამ კანონს აპროტესტებდა, წაკითხული არ ჰქონდათ კანონი, მათ უბრალოდ შეუქმნეს განწყობა ამ კანონის წინააღმდეგ. როცა უცხოელებთან ვსაუბრობდით, იქაც ვხედავდით, რომ სინამდვილეში არ ესმოდათ რა ეწერა კანონში. მაშინ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, შეგახსენებთ, რომ მან უწოდა პირველად რუსული ამ კანონს, ის იყო ამ ბრენდინგის ავტორი და შემდეგ აჰყვა იმავე ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები. რა თქმა უნდა, ამით ცდილობდნენ დისკრედიტირებას და აზიანებენ კანონს.
ყოველგვარი შინაარსობრივი საკითხები რომ მოიხსნას და ახნა-განმარტებები არ იყოს საჭირო, აგერ არის აშშ, მათი „ფარა“, რომლითაც ჩვენ ყველა ვსარგებლობთ. ნახეთ რამდენი კარგი, საჭირო ინფორმაცია მივიღეთ მისგან. რომ არა „ფარა“ ხომ ვერ გავიგებდით, რომ „ფორმულას“ დამფუძნებელი აფინანსებდა საქართველოს წინააღმდეგ ლობისტებს იმისთვის, რომ სააკაშვილი დაეხსნათ. რომ არ ყოფილიყო „ფარა“ ვერ გავიგებდით, რომ თურმე ევროპარლამენტის რეზოლუციები ამერიკაში იწერება „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების და მფარველების მხრიდან და ა.შ. ამიტომ აგერ ამერიკა, აგერ „ფარა“, გამართულად მუშაობს და გადმოვიღეთ ერთი- ერთში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.