თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავაც სხვის დავალებებს ასრულებენ.
ამის შესახებ მან პარტია „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა განახორციელოს.
კახა კალაძის თქმით, ე.წ. დიფ სთეითი მსოფლიოსთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, რომელზეც თავად აშშ-ის პრეზიდენტი და მაღალი თანამდებობის პირები საუბრობდნენ.
„არაფერი სიახლე არაა. ვიცით, რომ ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი აგენტები. „დიფ სთეითი“ უდიდესი პრობლემაა მთელი მსოფლიოსთვის და ამაზე თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მაღალი თანამდებობის პირები საუბრობდნენ. ის ჯერაც არ დამარცხებულა, მას ძალიან ღრმა ფესვები აქვს. ის აკაცუკები, რომელთაც დღეს აქ პოლიტიკოსების სახით ვხედავთ, ჩვეულებრივი, უსამშობლო აგენტები არიან. ამ რადიკალებს განეკუთვნება ბატონი ხაზარაძეც, დაბეზღებით რომ არის ყოველდღიურად მისი განცხადებები სავსე. ესენი ჩვენ ქვეყანას არ ემსახურებიან, ისინი ასრულებენ დავალებებს. ჩვენ, „ქართული ოცნება“ ვსაუბრობდით იმაზე, რომ უცხოეთიდან შემოსული თანხები ხმარდებოდა რევოლუციურ სცენარს, პოლარიზაციას, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებას და დღეს რა გაირკვა? ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ყოფილა თუ არა მართალი? რამდენიმე წლის წინ, პირდაპირ კაბინეტებში გვაშანტაჟებდნენ, რომ ქვეყანა ჩართულიყო ომში, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თუმცა ჩვენ გამოვდივართ და ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ ქვეყნის ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.
„ჩვენ რომ მეორე ფრონტი გაგვეხსნა ქვეყანაში, რა მდგომარეობა გვექნებოდა დღეს საქართველოში? შეიძლება, როგორც ქვეყანა არ ვყოფილიყავით, სახელმწიფოებრიობა დაგვეკარგა. ნახეთ, რა ხდება დღეს უკრაინაში, რამდენად მძიმე მდგომარეობაა. რაღაც უაზრო ბუღალტერიაში არიან გადასული, ვინ რამდენი მილიარდით ისარგებლა და ვინ რამდენი მილიარდი იშოვა. დაკარგული აქვთ ტერიტორიები, ჰყავთ დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, გარდაცვლილი ჯარისკაცები, განადგურებული აქვთ ინფრასტრუქტურა. ეს უნდოდათ მიეღოთ საქართველოშიც იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც გამოდიოდნენ და ამბობდნენ, გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს ქვეყანაშიო. ჩვენ დავიცავთ ჩვენ ქვეყანას და ჩვენი მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა თბილისის მერმა.