17 მარტს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩებია დაგეგმილი, მთავარი თამაში კი დღის ბოლოს შედგება, როდესაც საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება და ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა. მანამდე, სხვები ტურნირის მე-7, მე-5 და მე-3 ადგილებისთვის იბრძოლებენ. რაგბი ევროპამ მოახლეობულ თამაშებზე დაწერა და ის მორაგბეები დაასახელა, რომლებზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ბორჯღალოსნების რიგებში არჩევანი დავით ნინიაშვილსა და ილია სპანდერაშვილზე შეჩერდა.
“ჩვენს მიერ ჩამოთვლილ მორაგბეებში დავით ნინიაშვილი ერთადერთია, რომელსაც ტურნირზე მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა, რჩეულთა შორის მაინც დავასახელეთ. რუმინეთის წინააღმდეგ მისი ფენომენალური თამაში ამისთვის სრულიად საკმარისი იყო.
თავად განსაჯეთ: დავითმა ხაზი 3-ჯერ გაჭრა, 2 ოფლოუდი ჰქონდა, მცველი 9-ჯერ დაჯაბნა, ბურთი 26-ჯერ წაიღო, 133 მეტრი გაიარა და 3 სალელოვე პასი მიითვალა. ერთ მატჩში ამასთან მიახლოებული სტატისტიკაც კი არავის ჰქონია. ამგვარად, თუკი ვინმესთან დაკავშირებით შეგვიძლია გამოვიყენოთ სიტყვა გამორჩეული, ეს, ნინიაშვილია.
კიდევ ერთი მორაგბე, რომელსაც საქართველოს ნაკრებისთვის დიდი სარგებელი მოაქვს, ილია სპანდერაშვილია. მას ნამდვილად გარღვევის სეზონი აქვს, რისი წყალობითაც რიჩარდ კოკერილის ნდობაც დაიმსახურა და ძვლების მტვრეველი ინდივიდუალისტის რეპუტაციაც დაიმსახურა. ბურთის წაღებაში მისი უნარი ძალიან დაეხმარა საქართველოს ეროვნულ გუნდს, რათა ფინალის საგზური მოეპოვებინა”.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის გადამწყვეტი მატჩი 17 მარტს (თბილისის დროით 23:55 საათიდან) პარიზულ სტად ჟან ბუინზე შედგება და ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-16 ტიტულს შეუტევენ. საქართველოს ნაკრები ტურნირის გადამწყვეტ მატჩში პორტუგალიას ზედიზედ მეორედ დაუპირისპირდება. შარშან ესპანურ ბადახოსში გამართულ ფინალში ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 38:11 სძლიეს.