leaderboard_below_slide
left_sabechdi

ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით კვლევები დაინერგება

ქუთაისში, თევზმომშენებელ ფერმერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საქართველოში აკვაკულტურის დარგის განვითარების შესაძლებლობები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. აღინიშნა, რომ აკვაკულტურის პოტენციალის გამოყენებისთვის თევზის დაავადებების კონტროლი და დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანი მდგენელია; შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში შესაბამისი კვლევები ინერგება.

თევზმომშენებელ ფერმერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი,  სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი და დირექტორის მოადგილე ანა გულბანი დაესწრნენ.

ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დონდუაშვილმა მეთევზე ფერმერებისთვის საჭირო კვლევების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

„ქუთაისის ლაბორატორიაში თევზის დაავადების კვლევის მეთოდების დანერგვა  საშუალებას მოგვცემს, დასავლეთ საქართველოს რეგიონში დროულად ჩატარდეს დიაგნოსტიკა და მოსახლეობამ ოპერატიულად მიიღოს სანდო კვლევის პასუხები. 

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები აქტიურად მუშაობენ თევზის დაავადებების კონტროლსა და დიაგნოსტიკაზე. რაც თავის მხრივ ხელს უწყობს საქართველოში უმაღლესი ხარისხის პროდუქტის შექმნასა და რეალიზაციას არა მხოლოდ ქართულ, არამედ ევროკავშირის ბაზარზეც“,  – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

თევზმომშენებელ ფერმერებთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მუხრან შამათავა, სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს, სოფლის განვითარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურისა და ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის წარმომადგენლები.

 

ასევე იხილეთ