ილია დარჩიაშვილი: ჩვენ დავგეგმეთ მომავალი შეკრების დრო და ადგილი, ეს არის თურქეთის რესპუბლიკა, ანკარა
“ჩვენ დავგეგმეთ მომავალი შეკრების დრო და ადგილი. ეს არის თურქეთის რესპუბლიკა, ანკარა. ამ პლატფორმის ფარგლებში გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ, დინამიკურ ურთიერთობებს”, – ამის შესახებ აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ერთ-ერთი ხაზგასასმელი ფაქტი არის ის, რომ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, სამმა ძალიან ახლო მეგობარმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა შეძლო და ფორმატის აღდგენა მოახერხა. ეს ფორმატი ერთი მხრივ ემსახურება მთავარ მიზანს, რომ ამ სამმა ქვეყანამ რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ძალიან მჭიდრო, ხალხთაშორისი, დიპლომატიური და სახელმწიფოებრივი ურთიერთობებით, ხოლო მეორე მხრივ იმ ძალიან უმნიშვნელოვანესი როლის და ფუნქციის შესრულებით, რომელიც ჩვენს რეგიონს აკისრია, შეძლო და მოახერხა ამ ფორმატის ჩატარება. ეს ფორმატი არის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი. ჩვენ დავგეგმეთ მომავალი შეკრების დრო და ადგილი. ეს არის თურქეთის რესპუბლიკა, ანკარა. ამ პლატფორმის ფარგლებში გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ, დინამიკურ ურთიერთობებს. ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, არის და იქნება მომავალშიც, რომ ჩვენ ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს რეგიონში, ამ გამოწვევების დაძლევის გზებზე. ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელიც აქვს ამ რეგიონს – თუ როგორ მოვახდინოთ ამ შესაძლებლობების კონვერტირება იმ კონკრეტულ და ხელშესახებ პროექტებში, რომელიც მოუტანს სარგებელს ჩვენს ქვეყნებს და ხალხს“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და ჰაქან ფიდანთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის საგარეო საქმეთა მინისტრების მეცხრე შეხვედრაში.