“დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნით შევეცდებით, ცალსახად იყოს გაცემული პასუხი ყველა კითხვაზე, რაც მოსახლეობას აქვს 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და მაღალი თანამდებობის პირების საქმიანობაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, კომისია, პირველ რიგში, პოლიტიკურად შეაფასებს ამ პროცესს.
„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს საქართველოს ისტორიის 2003-2012 წლების მონაკვეთთან დაკავშირებით, წინა ხელისუფლების რეჟიმსა და ამ რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულებზე. სწორედ ამიტომ, წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, ჩვენ ვქმნით საგამოძიებო კომისიას, რომელიც პირველ რიგში, პოლიტიკურად შეაფასებს ამ პროცესს, მეორე, შეისწავლის დანაშაულებს, რომლებიც დაკავშირებული იყო მაღალი თანამდებობის პირებთან. ამით ჩვენ შევეცდებით, ერთხელ და საბოლოოდ დავხუროთ ისტორიის ეს ნაწილი და ცალსახად იყოს გაცემული პასუხი ყველა კითხვაზე, რაც მოსახლეობას აქვს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.