leaderboard_below_slide
left_sabechdi

პარლამენტის ბიურომ პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ რეგისტრაციაში გაატარა

პარლამენტის ბიურომ, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ რეგისტრაციაში გაატარა.

„ევროპელი სოციალისტების“ ბაზაზე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე კომიტეტს განცხადებით მიმართეს საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატებმა: ილია ინჯიამ, ვარლამ ლიპარტელიანმა და ნიკა ელისაშვილმა.

საკითხის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია  დადგენილ სტანდარტებს შეესაბამება.

ბიურომ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის  მიერ წარმოდგენილი პარლამენტის კომიტეტებში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიასა და მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში  პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები.

ბიურომ ასევე დაამტკიცა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის  შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში“ წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები.

ბიურომ ცნობად მიიღო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა.

ასევე ცნობად მიიღო განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებლის, გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებში შექმნილი ერთობლივი თემატური მოკვლევის – „სასკოლო საზოგადოების ჩართულობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის პროცესში“ – ჯგუფის დასკვნა.

ასევე იხილეთ