„შარშან მივიღეთ ამერიკული „ფარას“ რბილი ვერსია, ამ კანონსაც პატივს არ სცემენ კონკრეტული ორგანიზაციები. ყველაფრის გათვალისწინებით, ყველაფრის ფონზე, მათ შორის, იმ მოვლენების ფონზე, რაც განვითარდა აშშ-შ, ჩვენ მივიღეთ ამერიკული „ფარას“ კოპირების გადაწყვეტილება. ერთი საინტერესო დეტალი დაერთო ამ ყველაფერს, აშშ-ში გაკეთდა განცხადებები „ფარას“ შერბილების თაობაზე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განაცხადა.
პრემიერის თქმით, უცნაურად დაემთხვა „ფარას“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, აშშ-ში ამ კანონის შერბილებაზე გაკეთებული განცხადებები, რის უკანაც შესაძლოა, „დიფ სთეითი“ იდგეს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოში ვეღარავინ უნდა სცადოს არასამთავრობოებისა და უცხოური დაფინანსების მეშვეობით მორიგი რევოლუციის მოწყობის მცდელობა.
„მეორე, რაც ემატება ამ ყველაფერს, ევროკავშირს უნდოდა მსგავსი კანონის მიღება და მათ პირდაპირ განაცხადეს ოფიციალურად, რომ საქართველოში ანალოგიური კანონის მიღების გამო, ვეღარ იღებენ ევროკავშირში ამ კანონს, იმიტომ, რომ მაშინ მორალური უფლება აღარ ექნებოდათ, რომ საქართველო გაეკრიტიკებინათ იმავე კანონის მიღებისთვის. ახლა, უცნაურად დაემთხვა ჩვენი განცხადება აშშ-ში ფარას კანონის შერბილებას. აქ შეიძლება ერიოს “დიფ სთეითის” ხელი, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა, რაც შეეხება ჩვენს რეალობას, ხედავთ, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში იყო რევოლუციის მოწყობის ოთხი მცდელობა. ამ ოთხ მცდელობაში ჩართულნი იყვნენ უცხოელი აგენტები, უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სათანადო ყურადღება და გამჭვირვალობის შესახებ კანონი არის განკუთვნილი იმისათვის, რომ საქართველოში ვეღარავინ სცადოს ენჯეოების მეშვეობით, უცხოური დაფინანსების მეშვეობით მორიგი რევოლუციის მოწყობის მცდელობა – ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ უცხოურ აგენტურას, ენჯეოების მეშვეობით რევოლუციების მოწყობის მცდელობას. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.