„როდესაც კონკრეტული ადამიანი კადრულობს და პოლიციის უფროსს სახეში ურტყამს ხელს, ამაზე ყველას უნდა ჰქონდეს ჯანსაღი რეაქცია და არა ისეთი, როგორიც გამოხატეს გუშინ, მაგალითად, ევროკავშირის უმაღლესმა თანამდებობის პირებმა, რომ თითქოს ჟურნალისტი თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო ზის ციხეში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მზია ამაღლობელის საქმეზე საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის სამარცხვინო ტყუილი.
„თქვენ მოისმინეთ ერთ-ერთი საერთაშორისო გამოხმაურება გუშინ, სადაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს თავისუფალი სიტყვის გამოხატვის გამო ზის კონკრეტული ადამიანი ციხეში. ხომ ხედავთ, რამდენად სამარცხვინო ტყუილებს კადრულობენ და ეს ტყუილი იკადრეს უმაღლეს დონეზე ევროკავშირში. ამაზე თქვენ უნდა გქონდეთ შეფასება და ასევე მნიშვნელოვანია, თქვენ გქონდეთ შეფასება იმაზე, რომ კონკრეტული ადამიანი კადრულობს და პოლიციის უფროსს სახეში ურტყამს ხელს. ამაზე ყველას უნდა ჰქონდეს ჯანსაღი რეაქცია და არა ისეთი, როგორიც გამოხატეს გუშინ, მაგალითად, ევროკავშირის უმაღლესმა თანამდებობის პირებმა, რომლებმაც იკადრეს სამარცხვინო ტყუილი და თქვეს, რომ თითქოს ჟურნალისტი თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო ზის ციხეში. ეს სამარცხვინო ტყუილია და ასეთ სამარცხვინო ტყუილებზე ჩვენ ვერ გვექნება ვერავითარი რეაგირება,“- აღნიშნა პრემიერმა.