“ჩვენი პროგნოზები ყოველთვის საკმაოდ პოზიტიური იყო”, – განაცხადა საქართველოს ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გადაცემა “დღის ქრონიკაში” ლარის კურსთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, არ არის რაიმე მოლოდინი, რომ მყისიერი გაუფასურება დაემუქროს ლარს.
“მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არ გვაქვს ფიქსირებული კურსის პოლიტიკა. უკვე მრავალი წელია ჩვენთან მოქმედებს მცურავი სავალუტო კურსის რეჟიმი. ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდება განაპირობებს ლარის კურსს, მაგრამ ლარი საკმაოდ ჯანსაღად იქცევა. ის მცირედით მერყეობს როგორც ნებისმიერი თავისუფალი ვალუტა თავისუფალ ბაზარზე, მაგრამ ის, რომ სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში კვლავაც ძლიერია, გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ რაიმე მყისიერი გაუფასურება ლარს არ ემუქრება.
შემიძლია გითხრათ, რომ იანვარი, ზოგადად, ტრადიციულად ამ კუთხით ცოტა რთული თვეა, მაგრამ იანვრის ბოლო კვირიდან და ახლა თებერვლის დასაწყისში ჩვენ თვალყურს ვადევნებთ უფრო ძლიერ შემოდინებებს, მათ შორის, საგარეო ვაჭრობის არხით, იგივე ექსპორტიდან შემოდინებებს. ასევე სტაბილურია ტურიზმი, სტაბილურია გზავნილები. აქედან გამომდინარე, მართლაც არ გვაქვს რაიმე მოლოდინი, რომ მყისიერი გაუფასურება დაემუქროს ლარს. პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფინანსური სტაბილურობა კვლავაც შენარჩუნდება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.