აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილ მრჩეველს, ჯეიკ სალივანს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა გაუუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამას გარდა, ტრამპმა გაუუქმა საიდუმლო მასალებზე წვდომა ბაიდენის ადმინისტრაციის გენერალური პროკურორის მოადგილეს, ლიზა მონაკოს, რომელიც 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე მუშაობდა, ასევე ნიუ-იორკის გენერალურ პროკურორს, ლეტიცია ჯეიმსს და მანჰეტენის საოლქო პროკურორს, ალვინ ბრეგს, რომლებიც ტრამპის წინააღმდეგ გამოძიებებს ხელმძღვანელობდნენ.
მანამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა გაუუქმა ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და მისთვის ყოველდღიური სადაზვერვო ბრიფინგები შეწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ბაიდენმა პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ გაუუქმა დონალდ ტრამპს წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე.