leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბასილაშვილი ნახევარფინალში ითამაშებს

32 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანეთში ლეს ფრანკესეს დელ ვალესის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) ნახევარფინალში გავიდა. ბასილაშვილმა, რომელიც შეჯიბრში “უაილდ ქარდით” ჩაერთო, მეოთხედფინალში ლუქსემბურგელი ალექს კნაფი 6:0, 6:1 გაანადგურა.

მეტოქე ტურნირზე მე-3 ნომრად იყო განთესილი, თუმცა, ნიკამ მას მხოლოდ 1 გეიმი დაუთმო (ლუქსემბურგელის მოწოდება 5-ჯერ მოიგო) და გამარჯვებას გასაფორმებლად ერთი საათიც კი არ დასჭირვებია.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ესპანური ტურნირის სასტარტო რაუნდში მე-7 ნომრად განთესილი ფრანგი ენცო ვალარი 6:3, 6:3 დაამარცხა, მერვედფინალში კი ასევე “უაილდ ქარდის” მქონე ესპანელ სერხიო კალეხონ ერნანდოს 6:4, 6:2 სძლია.

უკვე ცნობილია, რომ ხვალ ქართველი ჩოგბურთელი ფინალის საგზურისთვის დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ გილ ჰუსის გაეჯიბრება, რომელსაც მე-2 განთესვა აქვს. ის მსოფლიოს 392-ე ჩოგანია.

ბასილაშვილი 2019 წელს მსოფლიოს მე-16 ჩოგანი იყო, ახლა კი, ATP-ს კლასიფიკაციაში მხოლოდ 918-ე (!) ადგილზეა და დიდი ბრძოლა მოუწევს, რათა თუნდაც ჩელენჯერებზე რეგულარულად თამაშის უფლება მიიღოს.

ასევე იხილეთ