UFC-ის მებრძოლმა ილია თოფურიამ (15-0 ММА, 7-0 UFC) ორი ოცნება უკვე აიხდინა. ჯერ ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაანოკაუტა და ქამარს დაუეფლა, შემდეგ კი ესპანეთის მოქალაქეობაც მიიღო. 27 წლის სპორტსმენის მესამე მიზანი მომდევნო ორთაბრძოლის მადრიდში, “სანტიაგო ბერნებეუზე”, MMA-ს ირლანდიელი ვარსკვლავის, კონორ მაკგრეგორის (22-6 ММА, 10-4 UFC) წინააღმდეგ ჩატარებაა.
ახლახან ილია თოფურია MARCA-ს რედაქციას ესტუმრა, სადაც მებრძოლმა თავის სამომავლო გეგმებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
“კონორთან ბრძოლის გამართვასთან დაკავშირებით ჩემი გეგმა არ შეცვლილა. მსურს მასთან ჩხუბი და ის იქნება პირველი, ვისაც მომავალში დავუპირისპირები, მაგრამ ეს ან ახლა მოხდება, ან არასდროს. ვოცნებობდი, რომ გავმხდარიყავი ჩემპიონი, მიმეღო ესპანეთის მოქალაქეობა. ახლა “ბერნაბეუზე” ბრძოლის ჩატარება მსურს. რეალისტი ვარ. ვფიქრობ, ამ ღონისძიებას წლის ბოლოსკენ ჩავატარებთ.
ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ და ვაფასებ ამ ადამიანს (კონორ მაკგრეგორს) და იმას, რაც მან სპორტში გააკეთა. ამის არადანახვა სიბრიყვე იქნებოდა. ერთია, რაც მის პირად ცხოვრებას უკავშირდება… არ მიყვარს იმ ადამიანების განსჯა, რომლებსაც არ ვიცნობ, მაგრამ სპორტში ის ნამდვილად არის ლეგენდა”.
კონორ მაკგრეგორი UFC-ის მსუბუქი და ქვემსბუქი დივიზიონების ყოფილი ჩემპიონია. 35 წლის ირლაინდელი მებრძოლი ოქტაგონზე 2021 წლის შემდეგ აღარ გასულა, როდესაც ზედიზედ დასტინ პორიესთან დამარცხდა.
ილია თოფურია გერმანიაშია დაბადებული, 15 წლის ასაკიდან კი ოჯახთან ერთად ესპანეთში ცხოვრობს. მებრძოლმა თებერვალში ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქამრის მფლობელი გახდა. ილია პირველი ქართველი და ამავდროულად, პირველი ესპანელია, ვინც UFC-ის ჩემპიონობა იზეიმა.