leaderboard_below_slide
left_sabechdi

პაატა სალია: ოპოზიციისგან არ გამიკვირდება, რომ ბრიტანულ კანონმდებლობასაც და ამერიკულ კანონმდებლობასაც რუსული უწოდონ

„ამერიკული „ფარას“ თარგმანის ინიციირებასთან ერთად, ასევე მოვახდენთ ბრიტანული კანონმდებლობის ადაპტაციას საქართველოში მედია სფეროს რეგულირებისთვის”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისივე თქმით, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა არსებობს და სწორედ ამიტომ დააინიციირეს აღნიშნული კანონპროექტები. განსაკუთრებით კი ცვლილებები განსახორციელებელია მედიის ნაწილში.

„ჩვენი ოპონენტებისგან, ოპოზიციისგან, რომელიც დღეს ქუჩაში დგას, არ გამიკვირდება, რომ ბრიტანულ კანონმდებლობასაც და ამერიკულ კანონმდებლობასაც რუსული უწოდონ. ამიტომ, მათთან სერიოზული პოლემიკა ამ ნაწილში არც ღირს – თუ რაიმე საგნობრივი დისკუსია იქნება, ჩვენ ჩვენს ოპონენტებთან არგუმენტებით საუბარს არასდროს გავურბოდით. თუმცა, დღესაც ვხედავთ, რომ მარტივად გასაგები სლოგანებით მოქმედებენ. ამერიკულიც და ბრიტანული კანონიც გახდება „რუსული კანონი“. ჩვენ ვხედავთ, რომ აუცილებლობა არსებობს ცვლილებების და სწორედ ამიტომ დავაინიციირეთ ეს ცვლილებები, განსაკუთრებით კი მედიის ნაწილში.

მოგეხსენებათ, რომ ეს სფერო ჩვენთან ნაკლებად არის დარეგულირებული. გარკვეულწილად არსებობს კანონმდებლობა, თუმცა ის სრულად ვერ ფარავს ყველა იმ პრობლემას, რაც დღეს არის.

მე არაერთწლიანი პრაქტიკა მაქვს, როგორც ადვოკატს, სასამართლოში ვიცნობ ამ პრობლემატიკას. არაერთი ადამიანი მოსულა ჩემთან, რომელსაც ცილი დასწამეს მედიით, სოციალური მედიითაც, ტელევიზიით და ასე შემდეგ, ფაქტობრივად, დიდი განსჯის შემდეგ, 90% შემთხვევებისა მივსულვართ იმ დასკვნამდე, რომ დავას აზრი არ აქვს, იმდენად სუსტი და რთულად სამტკიცებელი ხდება.

ხშირ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ცილისწამებას, ადამიანი სამართალს ვერ პოულობს. არასწორი ინფორმაციით, ე.წ. ფეიკ ნიუსებით ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ზემოქმედება ხდება ჩვენს საზოგადოებაზე და სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ დღეს დღის წესრიგში დადგა ჩვენ ამ ნაწილში დავარეგულიროთ კანონმდებლობა“, – განაცხადა სალიამ.

მისივე თქმით, საუბარი არის არის კანონმდებლობის გამკაცრებაზე, არამედ ბრიტანული სტანდარტებით განისაზღვროს კრიტერიუმები, თუ როგორ უნდა მოხდეს ობიექტურობის განსაზღვრა.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, მომზადდება მედიის შესახებ კანონი. ის ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისი იქნება, რომლის თანახმად, დადგინდება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.

ასევე იხილეთ