ქალაქ ოდესაზე 15 მარტს განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 73 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი ავრცელებს.
მისივე ცნობით, მეორე იერიში იმ დროს მოხდა, როდესაც მაშველები პირველი დარტყმის შედეგად დაშავებულებს უწევდნენ დახმარებას.
„უკვე ცნობილია 19 დაღუპულისა და 73 დაშავებულის შესახებ. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ადგილობრივი მცხოვრებლები, მედიკოსები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები არიან“, – აცხადებს უკრაინის გენპროკურორი.
ამასთან, უკრაინული მხარის ცნობით, სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანდა გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდებისთვის საჭირო საინჟინრო კომუნიკაციები.