„ერთი მხრივ, არის შეკრებები და მანიფესტაციები, რომელიც არის ჩვენი თითოეული მოქალაქის უფლება, ისევე როგორც სხვა მოქალაქის უფლებაა, რომ შეუფერხებლად მივიდეს სამსახურში, მეგობრებთან და ა.შ. როდესაც ვხედავთ, რომ ოთხ ასეულ ადამიანს უნდა ოთხი მილიონი ადამიანის ბედით ითამაშოს, ეს არ თქმა უნდა მიუღებელია“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
„ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ გამოხატოს საკუთარი აზრი, ამას აქვს თავისი კანონიერი ჩარჩო, რომელიც გულისხმობს, რომ ეს არ უნდა იყოს ძალადობრივი. ჩვენ ვხედავდით, რომ ეს იყო ძალადობრივი აქციები დასაწყისში, რომელიც წაქეზებული იყო გარედან, მათ შორის იმ სიჩუმით, რომ არავინ არ გმობდა თავისივე ენჯეოების მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ აქციებს და ამით აქეზებდა ძალადობას. ის, ვინც აქეზებს ძალადობას, არის ძალადობის მონაწილეც.
მთავარი, რომ არ იყოს შეფერხებული ის სასიცოცხლო ფუნქცია, რაც ამა თუ იმ მაგისტრალურ კვანძს თუ ა.შ. გააჩნია. არის წესები, როგორ ხდება მშვიდობიანად აზრს გამოხატვა, საქართველოში გვაქვს ამის ძალიან ხანგრძლივი კულტურა. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ვხედავთ ბოლო ორი წელია, პროტესტის კულტურა, რომელიც ჩამოყალიბებული იყო საქართველოში, რადიკალურად შეიცვალა. ვხედავთ ჩვენ ძალადობას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, მანქანების დაწვას, ვიტრინების ჩატეხას.
ადრე ჩვენი საზოგადოება ყოველთვის ამაყობდა, რომ ისე ჩატარდებოდა აქცია, ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდებოდა ხიდან. ახლა დაამსხვრიეს ნახევარი პარლამენტი ისე, რომ ყველას გაგვახსენდა 90-იანი წლების სურათები, როდესაც ეს პარლამენტი მართლაც გადაწვეს და დეკემბერში წკიპზე გადაურჩა პარლამენტი გადაწვას.
სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი გარედან წაქეზებული ძალადობაა და დაშორებულია პროტესტის ქართულ კულტურას, დაშორებულია იმ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში ზოგადად არსებობდა. მისი მიზანი არის საზოგადოების გახლეჩა და ეს უნდა გააცნობიეროს თითოეულმა ადამიანმა, ვინც ასეთ ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.