რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას „Euronews“ ავრცელებს.
როგორც იოჰანისმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, ის თანამდებობას 12 თებერვალს ოფიციალურად დატოვებს.
ტელეარხი აღნიშნავს, რომ რუმინული ოპოზიციური პარტიები დღეს პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხის ინიციირებას აპირებდნენ.
რუმინეთის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის მეთაურის გადადგომის შემთხვევაში, პრეზიდენტის ახალი არჩევნები გადადგომიდან სამი თვის მანძილზე უნდა ჩატარდეს.
ცნობისთვის, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერში გაიმართა. არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება კელინ ჯორჯესკუმ მოიპოვა, თუმცა დეკემბერში საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული ჩარევის მიზეზით საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა.