leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვახტანგ თურნავა: საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სექტორი გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფერო საქართველოში – საშუალოდ, 7 000-ლარიანი ხელფასით თვეში

„ჩვენი მთავრობის მიზანია, საქართველო გახდეს თანამედროვე ტექნოლოგიური ჰაბი, სადაც მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებს ექნებათ იდეალური პირობები დისტანციური მუშაობისთვის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვახტანგ თურნავა აცხადებს.

მისივე განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტექნოლოგიური სფეროს წინსვლას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისა და ინოვაციების განვითარების წინაპირობაა

„2030 წლის სტრატეგიული განვითარების ხედვის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტექნოლოგიური სფეროს წინსვლას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისა და ინოვაციების განვითარების წინაპირობაა.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა:

  1. საერთაშორისო სტატუსის მქონე ტექ კომპანიებისთის გამარტივდა ქვეყანაში რეგისტრაცია და საგადასახადო განაკვეთი განისაზღვრა 5%-ით:
  2. პროგრამისტი ფიზიკური პირი ნაცვლად 20%-იანი საშემოსავლო გადასახადისა, ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირების გზით იბეგრება 1%-ით (500 000 ლარამდე წლიური შემოსავლის შემთხვევაში, 500 000 ლარის ზევით 3%-ით)
  3. ტექ. სფეროში მომუშავე უცხოელი მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებისთვის გამარტივდა ბინადრობის უფლების მოპოვება
  4. საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყანამ გაიუმჯობესა მაჩვენებელი და დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა ჩვენთან ცხოვრება.

ამ ყველაფრის შედეგად, ბოლო სამ წელში საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სექტორი გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფერო საქართველოში – საშუალოდ 7000-ლარიანი ხელფასით თვეში. ხოლო, დასაქმების მაჩვენებელი ყველაზე სწრაფად სწორედ IT მიმართულებით იზრდება. მნიშვნელოვანია, აღნიშნული პროგრესის არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა.

ამისთვის კი, საჭიროა ძლიერი საინფორმაციო კამპანია გლობალური მასშტაბით, მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოება და არამხოლოდ ადგილობრივი კადრების გაზრდაზე ზრუნვა, არამედ უცხოელების მოზიდვა, რათა მარტივად და სწრაფად შეძლონ საქართველოში გადმოსვლა, ბინადრობის უფლების მოპოვება და აქედან დისტანციურად მუშაობა“, – აცხადებს თურნავა.

ასევე იხილეთ