leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: საქართველო ძალიან პოზიტიურ როლს ასრულებს მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ჩვენი ხედვაა, მხარი დავუჭიროთ მშვიდობას და სტაბილურობას

„საქართველო ძალიან პოზიტიურ როლს თამაშობს მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ეს არის ჩვენი ხედვა, მხარი დავუჭიროთ მშვიდობას, სტაბილურობას რეგიონში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალის მთავარ რედაქტორსა და მფლობელ როჯერ კოპელთან ინტერვიუში მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მშვიდობის აუცილებლობას ქვეყნების განვითარებისთვის.

„ჩვენი სახელმწიფო დღეს უკვე 20 საუკუნეზე მეტი ხნისაა და ამდენად, ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან რთულ გარემოში გადარჩენის უზარმაზარი გამოცდილება. საქართველო ყოველთვის არსებობდა იმპერიების გზაჯვარედინზე და ინტერესების დამაბალანსებელ გზაზე, ასე რომ, ეს ყოველთვის ჩვენი ისტორიის ნაწილი იყო.

და ასევე, ახლა ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ამდენი ინტერესები ჩვენს ირგვლივ, ჩვენ უნდა ვიარსებოთ ძალიან რთულ რეგიონში.

ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია, ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული.

ასევე, ჩვენს ირგვლივ რეგიონში კონფლიქტებია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველო ძალიან პოზიტიურ როლს თამაშობს მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ეს არის ჩვენი ხედვა, მხარი დავუჭიროთ მშვიდობას, სტაბილურობას რეგიონში, რადგან ჩვენი ისტორიიდანაც ვიცით, რომ მშვიდობის გარეშე განვითარება ვერ მოხდება.

ეს არის ზოგადი ხედვა, რომელიც გვაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე, კონცენტრირებულნი ვიყოთ ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც ასევე არის საქართველოს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცების გასაღები და ჩვენ ვაპირებთ მომავალშიც იმავე პოლიტიკის გატარებას“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ