რუსეთმა გამთენიისას უკრაინას საავიაციო ბომბებითა და დრონებით შეუტია, რის შედეგადაც რამდენიმე ენერგეტიკული ობიექტი მწყობრიდან გამოვიდა. ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშჩენკო „ფეისბუქში“ ავრცელებს.
მინისტრის განცხადებით, დაბომბვის გამო ქვეყნის ზოგ რეგიონში დენის მიწოდება შეწყდა.
„უკრაინის ენერგოსისტემაზე მორიგი შეტევა ხორციელდება. ღამე მტერმა გაზის ინფრასტრუქტურაზე ახალი თავდასხმა განახორციელა. ენერგეტიკა მიზანშია ამოღებული დილითაც. ენერგეტიკული სისტემისთვის მოსალოდნელი ზიანის მინიმიზაციის მიზნით, გადაცემათა სისტემის ოპერატორი ელექტროენერგიის შეზღუდვების სასწრაფო ზომებს იღებს“, – წერს გალუშჩენკო.
მისი თქმით, ზუსტი ზიანი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც რუსები შეტევას შეწყვეტენ.
უკრაინული მედია, თავის მხრივ, ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსულმა ჯარმა გამთენიისას პოლტავის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაბომბა. უკრაინის ოლქები საავიაციო ბომბებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით იბომბებოდა.