ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულმა ახალწვეულებმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამედიცინო შემოწმება გაიარეს
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
დღეს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებმა ახალწვეულებმა სამედიცინო შემოწმება გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გაიარეს. სამედიცინო კომისიის შედეგებიდან გამომდინარე ახალწვეულები სამხედრო ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან და საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ ეროვნულ სამხედრო სამსახურის გავლას 6 ან 8 თვის განმავლობაში შეუდგებიან.
ახალწვეულების ნაწილი ვებ-გვერდზე conscript.mod.gov.ge დარეგისტრირდა, ნაწილმა კი, ადგილობრივ სამხედრო განყოფილებას საკუთარი სურვილით მიმართა.
გამოძახებამდე, საკუთარი სურვილით განაცხადის გაკეთება მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 6, 8, ან 11-თვიანი ვადებიდან, მის დაკომპლექტებამდე, არჩევანის საშუალებასა და განსაზღვრულ ანაზღაურებაზე 30%-იანი დანამატის მიღების შესაძლებლობას აძლევს. 6-თვიანი ვადით ახალწვეულები საბრძოლო ქვედანაყოფში იმსახურებენ და მათი დარიცხული ანაზღაურება თვეში 765 ლარი იქნება. 8-თვიანი ვადით ახალწვეულები საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ და დარიცხულ ანაზღაურებას თვეში 635 ლარის ოდენობით მიიღებენ. 11-თვიანი ვადით ახალწვეულებს შეუძლიათ იმსახურონ საბრძოლო ქვედანაყოფში უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე. ახალწვეულების დარიცხული ანაზღაურება თვეში 1275 ლარიდან 1530 ლარამდე შეადგენს. 11-თვიანი სამსახურის დასრულების შემდეგ მათ მიენიჭებათ შესაბამისი სამხედრო წოდებები – ლეიტენანტი ან უმცროსი სერჟანტი და ჩაირიცხებიან რეზერვში.
თავდაცვის ახალი კოდექსით სავალდებულო სამხედრო სამსახური სრულიად განახლდა და 2025 წლის 1 იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამსახურით შეიცვალა, რომლის გავლაც მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი.