leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ზარქუა: არაერთი მცდელობა ვნახეთ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ევროპარლამენტიდან, როგორ ერევიან შიდა საქმეებში – საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან მივიღეთ

“ჩვენ არაერთი მცდელობა ვნახეთ, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ევროპარლამენტიდან, როგორ ერევიან შიდა საქმეებში. ჯერ იყო მოწოდება, მეორე ფრონტი გაგვეხსნა, გახსოვთ, საელჩოები და ცალკეული ელჩები, რომლებიც გვაბულინგებდნენ და გვაშანტაჟებდნენ. ახლა უკვე ახალი მცდელობაა”, – განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს განცხადების შეფასებისას.

მისი თქმით, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, მმართველ გუნდს კი ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მიანიჭა, შესაბამისად, ოქტომბერში ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც, სურვილისამებრ მიიღებენ მონაწილეობას.

“ამათ ყველას, კიდევ ერთხელ მინდა მივმართო: საქართველო, როგორც არასდროს, ისე არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან მივიღეთ – 1 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მხარი დაგვიჭირა, ეს არის ჩვენთვის არის ცხადი, ნათელი, რომ მათი ინტერესები უნდა დავიცვათ. შემდეგი არჩევნები გაიმართება მიმდინარე წლის ოქტომბერში და ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ვისაც აქვს სურვილი, მიიღებს მონაწილეობას, ვისაც არა – დარჩებიან რადიკალ ოპოზიციონერებად და შემდეგ ვნახოთ, სადამდე გასტანენ. დაფინანსებაც დასავლეთიდან თანდათან შეწყდება და შესაბამისად, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გაიაზრებს, ნახავს ამ რადიკალების ქმედებებს და უმოქმედობას შორის განსხვავებას. დამშვიდდება ეს ქვეყანა და ეკონომიკური განვითარებაც გვექნება”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურომ საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება მიიღო, რომელშიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სრულად სცეს პატივი ადამიანთა უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მხრივ ევროპულ სტანდარტებს, გზა გაუხსნას თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე.

ასევე იხილეთ