11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ 10 წარმატებული ქალი მეცნიერი და მოსწავლე-გამომგონებელი გოგონა დააჯილდოვა.
ალექსანდრე წულაძემ დამსწრე საზოგადოებას მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას მეცნიერების განვითარების საქმეში ქალ მეცნიერთა როლზე გაამახვილა ყურადღება.
მინისტრთან ერთად მეცნიერებს საპატიო ჯილდო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა გადასცა.
ღონისძიების ფარგლებში შეკრებილებს სიტყვით ასევე მიმართეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი მოდებაძე, მოადგილეები – ანა მღებრიშვილი, გიორგი ჯინჭარაძე, თამარ მახარაშვილი, ბაია კვიციანი და თამარ ღვამიჩავა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ:
- დარეჯან თვალთვაძე
- მზია ქუთათელაძე
- ანა გოლეთიანი
- როზეტა გუჯეჯიანი
- თამარ ნოზაძე
- ნათელა ძებისაშვილი
- თამარ გუჩუა
- ნინო უგრეხელიძე
- რუსუდან დუმბაძე
- მარიამ პერანიძე
ქალ და გოგონა მეცნიერთა დაჯილდოების ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მეცნიერების სფეროში მოღვაწე ქალების, მათ შორის, ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერა, მათი შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში ქალ მეცნიერთა ჩართულობის მხარდაჭერა.
11 თებერვალს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანახმად, 2015 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანია მეცნიერებით დაინტერესებულ ქალთა ხელშეწყობა და მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სისტემაში მათი მზარდი როლის მხარდაჭერა. სამინისტრო ამ გლობალურ ინიციატივას უკვე წლებია უერთდება და მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიება იმართება.