დავით მათიკაშვილი: მოხდა სრული ლუსტრაცია იმ სქემის, რითაც ხდებოდა საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
“საქმე არის იმაში, რომ თანხების უდიდესი ნაწილი, რომელიც შემოედინებოდა საქართველოში, ხმარდებოდა ისეთ მიზნებს, რაც ქართული საზოგადოებისთვის და ჩვენი ხალხისთვის არ იყო სასიკეთო. ელემენტარულად, ხელისუფლების ამოტრიალება, რადიკალიზმის გაღვივება, უკრაინიზაცია, ქვეყნის ომში ჩართვა ამ ყველაფრის მიზანი იყო”, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.
მისი თქმით, USAID-ის სკანდალმა ფარდა ახადა თუ რაში იხარჯებოდა რეალურად დონორების თანხები.
დავით მათიკაშვილის განცხადებით, მოხდა სრული ლუსტრაცია იმ სქემის, რითაც ხდებოდა საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა.
„მოხდა სრული ლუსტრაცია იმ სქემის, რითაც ხდებოდა საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და ამ ყველაფრისთვის გამოიყენებოდა დონორი თუ დონორებთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ცალკეული პირები. ის, რაც შეერთებული შტატებში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ მოხდა, მე მაქვს საუბარი USAID-ის სკანდალზე და ის რაც გრძელდება, წერტილს უსვამს ყველა იმ ინსინუაციას, რასაც ადგილი ჰონდა წლების განმავლობაში ქართულ რეალობაში, როდესაც პრაქტიკულად თვალში ნაცარს გვაყრიდნენ ქართველო „ენჯეოები“ და ურცხვად გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი რაზედაც აპელირებდა „ქართული ოცნება“, მოჰყავდა ფაქტები, მოჰყავდა კონკრეტული ციფრები ეს ყველაფერი იყო თითქოს თითიდან გამოწოვილი, იყო მმართველი პარტიის ინტერესში და ამას რეალურად ადგილი არ ჰქონდა.
აბსოლუტურად საპირისპირო რეალობის წინაშე დავდექით. რეალობის რომელმაც შოკში ჩააგდო, მთელი მსოფლიო და მათ შორის გამოიწვია ჩვენი რადიკალების სრული ლუსტრაცია და გამოაშკარავება რეალურად შავ-ბნელი გეგმების, რომელიც ამ ადამიანებს, ე.წ. „ენჯეოების“ მანტიაში გამოწყობილ რადიკალებს წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრული მიზნების განსახორციელებლად ჰქონდათ.
იგივე, დიპლომატიური კორპუსი სამწუხაროდ ის, რაც ჩვენს თვალწინ ხდებოდა და რისი მომსწრენიც ჩვენ ვიყავით თუ როგორ ცდილობდნენ დიპლომატები გაცდენილები საკუთარ უფლებამოსილებებს, დიპლომატიის ზღვარს, როგორი იყვნენ მართლაც „ცეკადან“ საბჭოთა წარსული აჩრდილებივით მოვლენილი და მაგიდაზე ხელების ბრახუნით და ტონის აწევით როგორ ცდილობდნენ საკუთარი ინტერესის გატარებას. არ ერიდებოდნენ არაფერს. რომ არა პრინციპული და თანმიმდევრული პოლიტიკა „ქართული ოცნების“ დღეს საქართველო, სად იქნებოდა და რა ცეცხლის რკალში იქნებოდა გახვეული ალბათ ძნელი წარმოსადგენია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.