ევროპარლამენტარი ონდრეი დოსტალი: ევროპარლამენტარები თუ შეთანხმდებიან, რომ ცა მწვანეა და არა ლურჯი, ასეთ რეზოლუციასაც დაამტკიცებენ
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
„ოფიციალურად, ევროპარლამენტმა აღიარა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ზოგადად ლეგიტიმური იყო”, – განაცხადა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა ონდრეო დოსტალიმ.
მისი თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩინა ევროპარლამენტმა, რომ არ მოსწონს ამ არჩევნების შედეგები და მიიღო რეზოლუცია, რომლითაც დაგმო დემოკრატიის უკუსვლა.
„აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები სამართლებრივად სავალდებულო ეფექტის მქონე არ არის. ევროპარლამენტარები თუ შეთანხმდებიან, რომ ცა მწვანეა და არა ლურჯი, ასეთ რეზოლუციასაც დაამტკიცებენ. ევროპარლამენტის რეზოლუციები, სამწუხაროდ წარმოადგენს დეზინფორმაციას, რომლის მიზანია საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევა და ეს დასაგმობია. მრავალი ევროპარლამენტარი ვეწინააღმდეგებით ამ რეზოლუციებში გამოთქმულ პოზიციას, მათ შორის, ჩვენ ჩეხები, ასევე სლოვაკებიც“, – აღნიშნა ონდრეი დოსტალიმ.
მისივე თქმით, ევროპარლამენტს არ აქვს კონსტიტუციური უფლებამოსილება, რომ ჩაერიოს საქართველოს არჩევნებში, თუმცა ვხედავთ, რომ არაერთი რეზოლუცია სწორედ ამას ემსახურება.
„ეს უცხო ქვეყნის სუვერენიტეტისადმი უპატივცემულობაა. ვფიქრობ, ევროპარლამენტმა ყურადღება სხვა საკითხებზე უნდა გაამახვილოს, მაგალითად ევროკავშირის კეთილდღეობაზე და არა სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკასა თუ მის სუვერენიტეტში ჩარევაზე.
მქონდა შესაძლებლობა, რომ საქართველოში არჩევნების თარიღიდან მალევე ჩავსულიყავი, მაშინ ჯერ კიდევ სიმშვიდე იყო. არ იყო საპროტესტო აქციები. მაშინ გავესაუბრე მთავრობასაც, ოპოზიციასაც და მოქალაქეებსაც. ვიცი, რომ საქართველო ტერიტორიულად რამდენიმე დიდ ძალაუფლებას შორის მდებარეობს: რუსეთსა და ევროკავშირს შორის, მას აქვს ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთთან და საქართველომ ასევე უნდა გაითვალისწინოს ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები.
ამიტომ, საქართველო ძალიან ფრთხილად უნდა მოიქცეს, რომ საფრთხე არ შეუქმნას საკუთარ კეთილდღეობას და უსაფრთხოებას, უპასუხისმგებლო ქმედებით. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოში ჩარევა და იმის მოთხოვნა, რომ ჩვენ უფრო მეტად დაგვიახლოვდეს და დაშორდეს სხვა ძალებს, ძალიან სახიფათოა. ვხედავთ, რომ უკრაინაში ევროკავშირმა, ბრიტანეთმა და ამერიკამ რეალურად ვერ შეძლეს უკრაინის გადარჩენა კატასტროფული სიტუაციისგან, რუსეთის ომისგან. ამ სიტუაციის გათვალისწინებით, ვფიქრობ ევროკავშირი არ უნდა მოუწოდებდეს საქართველოს, რომ შეცვალოს მისი საგარეო მიდგომები, რადგან ამით შესაძლოა მან საფრთხე შეუქმნას საკუთარ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას“, – განაცხადა მან.