leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოში კიბერსწავლების „Cyber Coalition“ დაგეგმვის კონფერენცია ჩატარდა

საქართველოში კიბერსწავლების „Cyber Coalition 2024“ საწყისი დაგეგმვის კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო. „Cyber Coalition“ NATO-ს ყველაზე ფართომასშტაბიანი კიბერსწავლებაა, რომლის აღსრულების ფაზაში NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 1000-ზე მეტი წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. სწავლება 2024 წლის დეკემბერში ესტონეთში, ქალაქ ტალინში გაიმართება.

კიბერსწავლების მიზანს კიბერსივრცეში NATO-ს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოება, კიბერინციდენტების მართვისა და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების გაუმჯობესება წარმოადგენს.

საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბიურო სწავლებაში ბოლო 5 წელია აქტიურად მონაწილეობს. ღონისძიება, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ლუკა მგელაძემ გახსნა და საქართველოსთვის აღნიშნული სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კონფერენციის დასასრულს, მონაწილეებს სიტყვით მიმართა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ. მან მონაწილეებს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ღონისძიების საქართველოში ჩატარებისათვის და ხაზი გაუსვა კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

 

ასევე იხილეთ