“პუტინი მშვიდობისთვის არ ემზადება”, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს.
“რუსეთმა წუხელ უკრაინას ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით შეუტია. საცხოვრებელი კორპუსები, საოფისე ფართები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. კიევში ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი”,– წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ “უკრაინის წინააღმდეგ რუსული ტერორი თავისით არ დასრულდება”.
“პუტინი მშვიდობისთვის არ ემზადება – ის უკრაინელების მკვლელობასა და ქალაქების განადგურებას აგრძელებს. ამ ტერორის დასრულება მხოლოდ ძლიერ ქმედებებსა და ზეწოლას შეუძლია. ახლა ამ ომის სამართლიანად დასრულებისთვის ბრძოლაში ჩვენი ყველა პარტნიორის ერთიანობა და მხარდაჭერა გვჭირდება”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.