leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე: კანონმდებლობის გამკაცრება უცხო ქვეყნის ჩარევებთან დაკავშირებით საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება და მშვიდობა შევინარჩუნოთ

„ევროპელი ელჩები ჩვენს საარჩევნო კამპანიაში პირდაპირ იყვნენ ჩართულნი, თუმცა, როცა ვინმე მათი ქვეყნის შიდა პროცესებში ჩაერევა, ამბობენ ეს როგორ შეიძლებაო“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანა უცხო ქვეყნის გავლენებისა და ჩარევებისგან გათავისუფლდეს და შენარჩუნებული იქნეს მშვიდობა.

„ზოგადად უცხო ქვეყნების მხრიდან ჩარევები ყველგან პრობლემას წარმოადგენს, მხოლოდ ჩვენთან არა. იგივე აშშ-ის პრეზიდენტი შეშფოთებულია და იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომ ყველაფერი გამჭვირვალე იყოს. ევროპული ქვეყნებიც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან. გამჭვირვალობა ყოველთვის მნიშვნელოვანია.

ჩვენ ვხედავთ კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან გარედან გაკეთებულ განცხადებებს. მათ შორის არჩევნების დროს გახსოვთ ევროკავშირის ელჩი გამოდიოდა და პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. ასევე იყვნენ სხვა ქვეყნების ელჩებიც. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ მათი მხრიდან იგივე ტიპის განცხადებებს ვისმენთ, რომ სხვა ქვეყნების ჩარევა მიუღებელია, როდესაც საქმე მათი ქვეყნის ინტერესებს ეხება. მათთან არჩევნები რომ მიმდინარეობს, სხვა ქვეყნიდან ვიღაც რაიმე ტიპის თანადგომას თუ გამოხატავს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ, ამბობენ როგორ შეიძლება უცხო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევააო. საქართველო მათთვის უცხო ქვეყანა არ არის? პირდაპირ არ ერეოდნენ ჩვენს შიდა პროცესებში? რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე. დავიწყეთ მუშაობა, რომ „ფარას“ ანალოგი გადმოვიტანოთ და ყველაფერი ცხადი იყოს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანაში  უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გავაღრმაოთ და შენარჩუნებული იყოს მშვიდობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

ასევე იხილეთ