გიორგი ვოლსკი: USAID-მა 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის ჯამურად 41,7 მილიონი აშშ დოლარი გამოყო
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას USAID-ის მიერ 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოყოფილ თანხასთან დაკავშირებით.
ამავდროულად, ვოლსკი განმარტავს, აღნიშნული თანხით რისი დაფინანსება მოხდა USAID-ის მხრიდან.
„როგორც შევიტყვეთ, USAID-მა 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის, შედარებით მოკლე პერიოდში დასახარჯად, ჯამურად 41,7 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. მათ შორის, კარგად დაუკვირდით, დაფინანსებულია:
1. „საქართველოს საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების აქტივობები“, რისთვისაც 26 მილიონი დოლარია გათვალისწინებული.
2. „დემოკრატიული ლიდერული უნარების გაძლიერება პოლიტიკურად აქტიურ ახალგაზრდებს შორის პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში; ანტიდემოკრატიული გავლენების მიმართ მდგრადობა და საარჩევნო ადმინისტრაციის ლიდერობისა და ეფექტურობის გაძლიერება“ და ა.შ. რისთვისაც 15 მილიონ აშშ დოლარზე მეტია გათვალისწინებული.
სასარგებლო პროექტები როგორ არ ხორციელდება და არა მარტო საქართველოში, მაგრამ ეს, მაქსიმალურად ბუნდოვანი ფორმულირებები, სწორედაც რევოლუციური სცენარის განვითარების გეგმაზე მიუთითებენ და ნურც იმას დაგვაბრალებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციას ვახდენთ“, – წერს გიორგი ვოლსკი.