leaderboard_below_slide
left_sabechdi

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი მსოფლიო მთავრობათა სამიტზე დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დუბაიში დასრულდა. მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო მთავრობათა სამიტში, ასევე ღონისძიების ფარგლებში გამართა ორმხრივი შეხვედრები როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე – მსხვილი საინვესტიციო კომპანიების მენეჯმენტთან.

ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, დღეს დაესწრო პანელურ სესიას ხელოვნური ინტელექტის თემაზე, რომლის მთავარი სპიკერები იყვნენ აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი და არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელოვნური ინტელექტის და ციფრული ეკონომიკის სახელმწიფო მინისტრი ომარ სულთან ალოლამა.

მსოფლიო მთავრობათა სამიტში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმა მედიასთან შეაჯამა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობამ ეს ფორმატი პარტნიორებამდე საკუთარი გზავნილების მისატანად გამოიყენა.

„გაიმართა შეხვედრა დუბაის მმართველთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ასევე, ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან. იყო საინტერესო შეხვედრები, საუბრები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად ამ რეგიონში ურთიერთობების გაღრმავება, პოლიტიკური პარტნიორობის და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად განვითარება. ეს ფორმატი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მიგვეტანა ჩვენს მეგობრებამდე, ჩვენს პარტნიორებამდე და ამ სამიტში მონაწილეობა ამ კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ასევე იხილეთ