სპორტულმა გამოცემა Versus-მა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური კლუბის, „ნაპოლის“ ფეხბურთელთან ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა.
ფეხბურთელი ინტერვიუში ამბობს, რომ „ნაპოლი“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია.
– პირველ რიგში, რას ფიქრობ „ადიდასის“ „პრედატორების“ თაობის უახლეს ბუცებზე?
– გასაოცარი ბუცებია. ის ისეთ ლეგენდებს მახსენებს, როგორებიც ზინედინ ზიდანი და სხვა დიდი ფეხბურთელები არიან, რომლებსაც სწორედ „პრედატორებით“ უთამაშიათ – ამიტომ, ამ ბუცებით ასპარეზობა ჩემთვის პრივილეგიაა.
– პატარაობაში ოდესმე თუ გიფიქრია, რომ შესაძლებელი იყო, „ადიდასის“ „პრედატორების“ ერთ-ერთი სახე გამხდარიყავი?
– არა, ნამდვილად არა. რა თქმა უნდა, სიზმარივით იყო, როდესაც ამ პარტნიორობის შესახებ შევიტყვე, რადგან „ადიდასი“ დიდი ბრენდია და მსოფლიოში საუკეთესო, როცა საქმე ფეხბურთს ეხება. ამიტომ, ამ ბუცების ტარება ძალიან მეამაყება.
– როგორც ფეხბურთელისთვის, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ საუკეთესო ბუცებით თამაშობ?
– გულწრფელად რომ გითხრათ, კარგი ბუცებით გოლის გატანა ბევრად უფრო ადვილია. ამიტომ, ჩემს პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგი ბუცები ეცვას. და რა თქმა უნდა, ასეთი ლამაზი ბუცები გეხმარება, რომ მოედანზე ყველასგან გამოირჩეოდე – რაც ასევე მნიშვნელოვანია.
– „ნაპოლიში“ ძალიან კარგად თამაშობ. როგორია ასეთ კლუბში ასპარეზობა და გულშემატკივრებისგან ასე თბილად მიღება? შენ ისინი გაღმერთებენ.
– ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან „ნაპოლის“ არაჩვეულებრივი გულშემატკივრები ჰყავს. მათ ფეხბურთი ძალიან უყვართ და ვამაყობ, რომ ასე კარგად მექცევიან. „ნაპოლი“ დიდი გუნდია, რომელსაც ასეთივე ლეგენდები ჰყავდა – ამ გუნდში დიეგო მარადონა თამაშობდა და მასზე დიდი და უკეთესი ვერ იქნები. ნეაპოლი შესანიშნავი ქალაქია. თავად „ნაპოლი“ კი, ჩემი აზრით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. მსგავსი რაღაცები ამ გუნდში შენს გამოცდილებას დაუვიწყარს ხდის.
– და შენი მეტსახელი – კვარადონა. როგორი გრძნობაა? თქვენ ის ახლახან ახსენეთ. ნამდვილად დიდი პატივია, როცა გულშემატკივრები თქვენ ორს შორის მსგავსებას ხედავენ.
– დიახ, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ მარადონა „ნაპოლის“ ღმერთია. მასთან შედარება შესანიშნავი გრძნობაა. თუმცა, მე მას ჩემს თავს ვერ შევადარებ, რადგან ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ბუნებრივია, ძალიან ამაყი ვარ, როდესაც გულშემატკივრები კვარადონას მეძახიან – ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
– შენ ფეხბურთის გამორჩეული სტილი გაქვს. როცა ბურთი გაქვს, ძალიან ექსპრესიული და კრეატიული ხარ. როგორ განავითარე თამაშის ასეთი სტილი? ყოველთვის ასე თამაშობდი? ბავშვობაშიც?
– ვარჯიშის შემდეგ მეგობრებთან ერთად თამაშს საათობით ვაგრძელებდი პატარა სტადიონზე, საქართველოში, სადაც განვავითარე ის ტექნიკა, რომელსაც დღეს ვიყენებ. თავისუფლად ასპარეზობა ყოველთვის არის ფეხბურთის თამაშის საუკეთესო გზა
– ფეხბურთის სიყვარული გეტყობა. როცა გარეთ ვიყავით და ჩვენი კამერისთვის ბურთით თამაშობდი, შენს მომღიმარე სახეს ვხედავდი.
– ეს სპორტი მიყვარს და ვცდილობ, მისი ყოველი წამით ვისიამოვნო – მოედანზე ვიქნები თუ კამერის წინ, მნიშვნელობა არ აქვს. როცა ბურთით ვთამაშობ, ყველაზე ბედნიერი ვარ.
– ჩემპიონთა ლიგაზე არაერთი ბრწყინვალე მატჩი გქონდა. როგორი შეგრძნებაა, როცა თამაშის დაწყებამდე ამ ტურნირის ლეგენდარულ ჰიმნს უსმენ?
– ჩემთვის, ეს სიზმარივითაა. თუმცა, სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღესაც მოედანზე ვიდგებოდი და ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს მოვუსმენდი. როდესაც ეს ხმა პირველად გავიგე, საოცარი შეგრძნება, ახდენილი ოცნება იყო. ამან მოტივაცია მომცა, რომ უფრო მეტი მემუშავა.
– შენს სახელთან დაკავშირებით დიდი მღელვარებაა. ამჟამად, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ხარ. ამ ყველაფრის შემდეგ, შენი ცხოვრება როგორ შეიცვალა?
– ეს ძალიან რთულია. ყველა შენ გიყურებს და სამაგალითოდ აღგიქვამენ. საქართველოშიც ბავშვებს ვუყვარვარ, ამიტომ, მათთვის მისაბაძი მაგალითი უნდა ვიყო. მშვიდი, თავმდაბალი უნდა ვიყო და ვცდილობ, რომ მოედანზეც და ფეხბურთს მიღმაც ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო.