leaderboard_below_slide
left_sabechdi

თეა წულუკიანი: გპირდებით ყველა მსხვერპლს, ისე იქნება საგამოძიებო კომისია მოწყობილი, რომ მაქსიმალურად თავიდან აგაცილებთ მეორად ვიქტიმიზაციას

“ჩვენ გპირდებით ყველა იმ მსხვერპლს, რომლისთვისაც ურთულესია იმ განვლილის გახსენება, პროცედურულად ისე იქნება კომისია მოწყობილი, რომ თქვენ მაქსიმალურად თავიდან აგაცილებთ მეორად ვიქტიმიზაციას”, – განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ რეგლამენტი იძლევა საშუალებას, დაზარალებულისა და მსხვერპლი სურვილის შემთხვევაში კომისიის სხდომა დაიხუროს.

„მინდა, მივმართო მსხვერპლებს – ჩვენ გვაქვს მექანიზმი, რეგლამენტი გვაძლევს ამის საშუალებას, რომ სხდომა, როგორც ახლა ლაივში გადაიცემა და ტელევიზიები აშუქებენ, თუ საჭირო ჩავთვლით, დაზარალებული ან მსხვერპლი, რომელიც ჯერ დაზარალებულად არ ყოფილა ცნობილი, მოგვმართავს, მისი თხოვნით სხდომა დავხუროთ. სხდომა რომ დაიხურება, იმ დახურული სხდომის პირობებში შექმნილი მასალებში ჩვენ გვექნება უფლება, რომ გვარი და სახელი დაიშტრიხოს და ისტორიას გვარი და სახელი კი არ შემორჩეს, არამედ ფაქტი, ამბავი, რომელიც არ უნდა დაიკარგოს.

ჩვენ ასევე, გპირდებით ყველა იმ მსხვერპლს, რომლისთვისაც ურთულესია იმ განვლილის გახსენება, პროცედურულად ისე იქნება კომისია მოწყობილი, რომ თქვენ მაქსიმალურად თავიდან აგაცილებთ მეორად ვიქტიმიზაციას, რომელსაც მსხვერპლი განიცდის, როდესაც თავიდან ჰყვება იმ ამბავს, რაც მას შეემთხვა და შევქმნით შესაბამის პირობებს, რომ თქვენ მაქსიმალურად თქვენი ღირსების შესაბამის პირობებში შეძლოთ ჩვენთან მობრძანება და მოსმენის გავლა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კომისია იმუშავებს, რომ მის მიერ შემუშავებული დასკვნა ღირსეული და ისტორიული იყოს.

„[კომისიის] თითოეულ წევრს დიდი მადლობა. დიდი მადლობა იმ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს, უმრავლესობას, ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებმაც მოისურვეს ამ კომისიის შექმნა და მონაწილეობა. ჩვენ შევეცდებით, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის დასკვნა, რომელსაც შევიმუშავებთ და პლენარული სხდომის წინაშე წარვდგებით, იყოს ღირსეული და მართლაც ისტორიული მნიშვნელობის. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მადლობა ჩემთვის გამოცხადებული ამხელა ნდობისთვის თითოეულ თქვენგანს და ჩემს პარტიას, რომელსაც მივეკუთვნები, „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე კომისიის ხელმძღვანელად თეა წულუკიანი, მდივნად კი სოზარ სუბარი აირჩიეს.

ასევე იხილეთ