„თუ მათი ტელევიზიები ყალბ ნარატივებს ავრცელებენ, ეს დემოკრატიისთვის სასარგებლო რაღაცაა და თუ „იმედს“ აქვს რაღაც განსხვავებული პოზიცია რაღაც საკითხთან დაკავშირებით, ისინი დემოკრატიის მტრები არიან – აი, ასე ესმით მათ დემოკრატია და დემოკრატიის აღქმა”, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა ევროკავშირის მიდგომების შეფასებისას.
„ყოვლად წარმოუდგენელი მიმართულებით განვითარდა ევროკავშირის მიდგომები სხვადასხვა საკითხთან. აი, მაგალითად, იგივე თქვენთან დაკავშირებით ავიღოთ, როდესაც „იმედთან“ აქვთ რაღაც პრეტენზიები. ძალიან ბევრი მაგალითი გაუგზავნეთ, რომ დაძაბულობის შემოტანა ქართულ საზოგადოებაში ხდება ევროპული და ამერიკული ფონდების მიერ დაფინანსებული ტელევიზიებით და იმ ნარატივებით, რომელშიც მილიონებს იხდიდნენ. ეს დაძაბულობა, რომლის განეიტრალებისკენ მოგვიწოდებენ, პირიქით, მათი შექმნილია და მილიონებით არის დაფინანსებული. ეს ხომ ჩვენ არ ვთქვით, ეს თანხები ხომ გამოჩნდა?! თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გამოაჩინა ეს თანხები. თუ მათი ტელევიზიები ყალბ ნარატივებს ავრცელებენ, ეს დემოკრატიისთვის სასარგებლო რაღაცაა და თუ „იმედს“ აქვს რაღაც განსხვავებული პოზიცია რაღაც საკითხთან დაკავშირებით, ისინი დემოკრატიის მტრები არიან – აი, ასე ესმით მათ დემოკრატია და დემოკრატიის აღქმა, ანუ ვინც მათ აზრს არ იზიარებს, ისინი ყველა არიან მტრები. ეს ფაშისტური მიდგომები დანერგეს, რაც ყოვლად წარმოუდგენელია ევროპული მიდგომებისათვის.
კი ბატონო, შეგიძლია შენ განაცხადო, რომ არ მეთანხმები, მაგრამ ამიკრძალო ამ თემაზე საუბარი, არის ყოვლად წარმოუდგენელი და ამას აკეთებენ ევროპელი დეპუტატები ევროპული დემოკრატიის ეგიდით და დროშით“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.