leaderboard_below_slide
left_sabechdi

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: პრეზიდენტი ტრამპი არავის მისცემს უფლებას, ბიძია სემი სულელ ბიძიად აქციოს

მოლაპარაკებები გაიმართება როგორც პუტინთან, ასევე ზელენსკისთან, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა.

ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰეგსეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნებისმიერი მოლაპარაკება ორივე მხარესთან გაიმართება“.

ჰეგსეტმა დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამ კვირაში სატელეფონო საუბრები გამართა როგორც რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, ასევე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

„ტრამპის მთავარი პრიორიტეტი ამ ომის დიპლომატიური, მშვიდობიანი დასრულებაა, რაც შეიძლება სწრაფად, ისე, რომ შეიქმნას გრძელვადიანი მშვიდობა“, – განაცხადა ჰეგსეტმა.

ამასთან ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ ნატო და მისი ევროპელი წევრები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ მშვიდობის მიღწევის პროცესში, რადგან „მოლაპარაკებები ბევრ ადამიანზე ახდენს გავლენას“.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, სამშვიდობო შეთანხმება უნდა შეიცავდეს ელემენტებს, რომლებიც არც ერთი მხარისთვის არ იქნება სასურველი, თუმცა საზღვრები 2014 წლის მდგომარეობას არ დაუბრუნდება.

ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მოუწოდა ევროპელ მოკავშირეებს, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.

„ნატო არის დიდებული ალიანსი. ყველაზე წარმატებული თავდაცვითი ალიანსი ისტორიაში. მაგრამ იმისათვის, რომ გაუძლოს მომავალს, ჩვენმა პარტნიორებმა გაცილებით მეტი უნდა გააკეთონ ევროპის თავდაცვისთვის. ჩვენ უნდა გავხადოთ ნატო კვლავ დიდებული“, – განაცხადა ჰეგსეტმა.

ჰეგსეტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არავის მისცემს უფლებას, „ბიძია სემი სულელად აქციოს“.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჯერ გენერალი და შემდეგ პრეზიდენტი ეიზენჰაუერი ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი იყო, რომელსაც ევროპასთან ძლიერი ურთიერთობის სჯეროდა. თუმცა, ეიზენჰაუერის პრეზიდენტობის დასასრულს, ისიც კი შეშფოთებული იყო, რომ ევროპა საკმარისად არ ხარჯავდა თავდაცვაზე. ეიზენჰაუერის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ბიძია სემი თითქმის სულელად“ გადაიქცა. პრეზიდენტი ეიზენჰაუერის მსგავსად, ამ ადმინისტრაციასაც სჯერა ალიანსების, მაგრამ არ შეცდეთ, პრეზიდენტი ტრამპი არავის მისცემს უფლებას, ბიძია სემი სულელ ბიძიად აქციოს“, – განაცხადა ჰეგსეტმა.

ამასთან, ჩინეთთან ურთიერთობის საკითხზე ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მიზნად ისახავს „ყველაზე ეფექტური“ სამხედრო ძალების შექმნას ჩინური აგრესიისგან თავდასაცავად, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპი „კონფლიქტს არ ეძებს“.​​​​​​​​​​​​

ასევე იხილეთ