leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი რეზოლუციაზე: ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რომ ევროპარლამენტში მიიღება დოკუმენტები, რომელსაც კავშირი არ აქვს რეალობასთან

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რომ ევროპარლამენტში მსგავსი დოკუმენტები მიიღება, რომელიც აბსოლუტურად არის საფუძველს მოკლებული და საერთოდ არაფერი კავშირი არ აქვს რეალობასთან და ამით ხდება პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა საქართველოში, – განაცხადა „იმედი LIVE“-ში საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

წამყვანმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციაზე, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მომავალში საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა დაეფუძნება.

„ძალიან რთულია რაიმე სერიოზული კომენტარები გააკეთო იმ რეზოლუციებზე, რასაც ევროპარლამენტი იღებს ამ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსთან დაკავშირებით. უკვე სათვალავიც აგვერია, მერამდენე რეზოლუციაა. მგონი ყოველ მეორე თვეს საქართველოს შესახებ არის რეზოლუციები, არა სავალდებულო ხასიათის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს უნდა ითქვას. როდესაც ვკითხულობთ, ძალიან სამწუხაროა ოღონდ ამას როდესაც ვამბობ, საღი აზრის ნაკლებობა ჩანს ამ ინსტიტუტებში, რომელიც ბრიუსელში ფუნქციონირებს ევროკავშირის სახელით. ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებში ხვდები ისეთ აბსურდულ ჩანაწერებს, როგორსაც ვხედავთ და ამ აბსურდული ჩანაწერებით ცდილობს ევროპარლამენტი რაღაცნაირად ადგილი დაიმკვიდროს ბრიუსელის ინსტიტუტებს შორის.

სერიოზულად ვერ აღიქვამ ნამდვილად რეზოლუციას, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ არ აღიარებს არჩევნებს. თურმე არ აღიარებს საქართველოს მოსახლეობის 54%-ის ხმას, არ ყოფილან ეს ადამიანები სათვალავში ასე ვთქვათ ჩასათვლელი. საერთოდ არ აქვს არანაირი კავშირი დემოკრატიასთან.

ჩვენ ხომ ვიცით რასაც ემსახურება მსგავსი განცხადებები, რეზოლუციები. უკვე ცხადია და ამას ვაკვირდებით უკვე რამდენი ხანია, რომ ამ რეზოლუციებზე, განცხადებებზე დაფუძნებით აშენებენ პოლიტიკურ დღის წესრიგს საქართველოში ოპოზიცია რომ ჰქვია ის პოლიტიკური ძალები. მათ სხვა არაფერი გააჩნიათ. ერთადერთი, რაც გააჩნიათ, არის აი ასე გადმოგდებული მაშველი რგოლებით რაღაც განცხადებების და რეზოლუციების სახით, რასაც მერე ცდილობენ წარმოაჩინონ თითქოს ამით იწყება და მთავრდება საქართველოს აწყო თუ მომავალი. არც ამით იწყება და არც მთავრდება. საღ აზრს მოკლებულია ის დოკუმენტები, რასაც ჩვენ ვხედავთ. ძალიან სამწუხაროა ეს და ვერც საქართველოს ევროინტეგრაცია ვერ დამთავრდება და დაიწყება ამ რეზოლუციებით რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტის მხრიდან მიღებულს. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რომ ევროპარლამენტში მსგავსი დოკუმენტები მიიღება, რომელიც აბსოლუტურად არის საფუძველს მოკლებული და საერთოდ არაფერი კავშირი არ აქვს რეალობასთან და ამით ხდება პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა საქართველოში. ეს ძალიან კარგად იციან იმ ადამიანებმა, ვინც ამ რეზოლუციებს წერს და შემდგომ უკვე აძლევს ევროპარლამენტის წევრებს ხმის მისაცემად“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ასევე იხილეთ