აშშ-მა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. ინფორმაციას ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველო ავრცელებს.
როგორც სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ხანის ყველა აქტივი ამერიკაში დაყადაღებული იქნება. მას აგრეთვე აშშ-ში შესვლა აეკრძალება.
ცნობისთვის, ერთი კვირის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა. როგორც მაშინ ტრამპმა განმარტა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკანონოდ დაიწყო აშშ-ის ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოძიება და აგრეთვე 2024 წლის ნოემბერში ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. ეს ხდება მაშინ, როცა არც აშშ, არც ისრაელი რომის სტატუტის წევრი არ არის.