დავით ქართველიშვილი: კონფლიქტის რეგულირების შეთანხმებით გათვალისწინებული იქნება კიევის მხრიდან გარკვეული ტერიტორიების დათმობა, თუმცა, უკრაინას ექნება შესაძლებლობა – არ ეთანხმებოდეს ამას

უკრაინის თემაზე რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებს და კონფლიქტის მოგვარების მცდელობის ირგვლივ შექმნილ ვითარებას „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ქართულ ფილმში შექმნილ აბსურდულ ვითარებას ადარებს. შესაბამისი შინაარსის პოსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„გამოცემა „Fox Business“-თვის მიცემულ ინტერვიუში, უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელლოგმა დაადასტურა, რომ კონფლიქტის რეგულირების შეთანხმებით გათვალისწინებული იქნება კიევის მხრიდან გარკვეული ტერიტორიების დათმობა. თუმცა უკრაინას ექნება უნიკალური შესაძლებლობა – არ ეთანხმებოდეს ამას ოფიციალურად.
მაგალითად, კიტ კელლოგმა მოიყვანა ბალტიისპირეთის პრეცედენტი, როდესაც უელსის დოქტრინის თანახმად, აშშ არასდროს ცნობდა ამ სამი ქვეყნის სსრკ-ს შემადგენლობაში შეყვანას – ამერიკა უბრალოდ აცხადებდა, რომ ისინი „საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ იმყოფებიან“. კიტ კელლოგმა განაცხადა: „მე ვთვლი, რომ თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი მართალია: არ იქნება 2014 წლის საზღვრებთან დაბრუნება, როდესაც რუსეთი შეიჭრა ყირიმში. შედგება გარკვეული შეთანხმება ტერიტორიების პოტენციური დაკარგვის თაობაზე”.
ამასთან დაკავშირებით, კვლავ მახსენდება ჩვენი გენიალური კინოშედევრი. „მე მეგონა, რომ სოსომ არ იცოდა“, – უპასუხა შუქრის ბატონმა ვასომ. „მთავარია, რომ იცის“, – ოპტიმისტურად დაასრულა პოლემიკა ვაჟა ზაზაევიჩმა. ასე რომ, მთავარია – უკრაინას ზუსტად ეცოდინება, რას არ ეთანხმება. ხოლო „გამყრელიძის დასკვნაზე“ დაყრდნობით, „ამ ეტაპზე“ – შეთანხმება უკრაინაზე მიღებული იქნება…“ – წერს დავით ქართველიშვილი.