ნიკოლაევში მომხდარ აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 8 პირი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული პოლიციის სამხარეო განყოფილება ავრცელებს.
არსებული ცნობით, გაურკვეველი მოწყობილობა ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ კაფესთან ამოქმედდა ადგილობრივი დროით 14:00 საათზე.
ეს, დღეს, ამ ქალაქში მომხდარი პირველი აფეთქება არ არის. მანამდე, 10:00 საათზე 41 წლის კაცმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა ავტოსადგურთან, რასაც თავად ემსხვერპლა. მის გარდა, ადგილზე სხვა არავინ დაშავებულა.
მოგვიანებით, Telegram არხზე „Николаевский Ванек“ ინფორმაცია გავრცელდა იმის თაობაზე, რომ ქალი, რომელსაც ხელში ჩანთა ეჭირა, სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ორ მამაკაცს მიუახლოვდა და ჩანთაში ჩადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. შედეგად, ქალმა მძიმე ტრავმები მიიღო.