„მჯერა, რომ ეს დრო დადგა, უნდა შეიქმნას ევროპის შეიარაღებული ძალები“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზელენსკი თქმით, ევროკავშირი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს, რომ პერიოდი, როდესაც აშშ-ზე დაყრდნობა შესაძლებელი იყო, წარსულში დარჩა.
„მოდით, ვიყოთ გულწრფელები, ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ შესაძლებლობას, რომ ამერიკა ევროპას ეტყვის „არას“ იმ საკითხებში, რომლებიც ევროპას ემუქრება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკვე ესმის ევროპელი კოლეგებისგან ევროპული არმიის შექმნის იდეა და თავადაც გამოდის ამ არმიის შექმნის შეთავაზებით.
„მე მჯერა, რომ ეს დრო დადგა. უნდა შეიქმნას ევროპის შეიარაღებული ძალები“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯისთვის არ არის საკმარისი თავდაცვის ხარჯების გაზრდა.
„დიახ, ფული საჭიროა, მაგრამ ფულს არ შეუძლია მტრის შეტევის შეჩერება. საქმე ეხება არა ბიუჯეტებს, არამედ ადამიანებს, რომლებიც იცავენ თავიანთ სახლებს. ამ საკითხში უკრაინას შეუძლია, ევროპას დაეხმაროს. უკრაინის არმიის გარეშე, ევროპულ არმიებს არ შეუძლიათ რუსეთის შეჩერება. მხოლოდ ჩვენს არმიას აქვს ევროპაში თანამედროვე ომის წარმოების რეალური გამოცდილება, თუმცა მხოლოდ ჩვენი არმია არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება ის, რისი მოწოდებაც თქვენ შეგიძლიათ. იარაღი. წვრთნები. სანქციები. დაფინანსება. პოლიტიკური ზეწოლა.
გავიმეორებ , ევროპას სჭირდება საკუთარი შეიარაღებული ძალები. ვიცი, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე ახლა მისმენს. მარკ, მეგობარო, საქმე არ ეხება ალიანსის ჩანაცვლებას. საქმე ეხება, რომ ევროპის წვლილი ჩვენს პარტნიორობაში გახდეს ამერიკულის თანაბარი“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.