Reuters: ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-თან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პროექტი „არ იცავს უკრაინას“ და უარი თქვა შეთანხმების ხელმოწერაზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პროექტი არ მოიცავს უსაფრთხოების იმ ნაწილს, რომელიც კიევს სჭირდება.
“ეს დღეს ჩვენს ინტერესებში არ შედის. ეს არ არის სუვერენული უკრაინის ინტერესებში. აღნიშნული შეთანხმება არ გვიცავს. ის ჯერ არ არის მზად ჩვენი და ჩვენი ინტერესების დასაცავად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ ინვესტიციებზე და ეს სამართლებრივად სწორად, მართებულად უნდა იყოს ჩამოყალიბებული”, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა შეთანხმების ხელმოწერაზე. წყაროების ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა წარადგინა დოკუმენტი, რომელიც აშშ-ის მიერ უკრაინის კრიტიკული მინერალების 50 პროცენტის ფლობას ითვალისწინებდა.
წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა შეთანხმების პროექტი კიევში ვიზიტისას წარადგინა.
როგირც „როიტერი“ წერს, ზელენსკის გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ უკრაინამ აშშ-ისგან მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა დოკუმენტი ამ გარანტიებს არ მოიცავდა.