“რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ამერიკელ ლიდერ დონალდ ტრამპს შორის გამართული სატელეფონო საუბარი ნიშნავს, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი ახლა პრობლემებს დიალოგის გზით გადაჭრიან, ისაუბრებენ “მშვიდობაზე და არა ომზე”, – ამის შესახებ რუსულ მედიასთან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“ეს არის ძლიერი სიგნალი იმის შესახებ, რომ ახლა ჩვენ შევეცდებით პრობლემების გადაჭრას დიალოგის გზით. და ახლა ჩვენ ვისაუბრებთ მშვიდობაზე და არა ომზე”, – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, ტრამპის ასეთი პოზიცია უნდა მოსწონდეს ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს. მისივე განმარტებით, აშშ-ის წინა ადმინისტრაციასთან რუსეთს არანაირი დიალოგი არ ჰქონია.
“ტრამპის განცხადებების მიხედვით, ახლა ჩვენ პრობლემას დიალოგის გზით ვწყვეტთ. არავითარი ომი, საჭიროა მშვიდობა. ასეთი პოზიცია, იდეაში, ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს ან სახელმწიფოს უფრო მეტად უნდა მოსწონდეს”, – განაცხადა პესკოვმა.