„როიტერი“: აშშ-მა ევროპელ მოკავშირეებს კითხვარი გაუგზავნა, რომლითაც სთხოვს, განმარტონ, რისი გაკეთება შეუძლიათ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
აშშ-მა ევროპელ მოკავშირეებს კითხვარი გაუგზავნა, რისი გაკეთება შეუძლიათ მათ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. შეერთებული შტატები ევროპელ მოკავშირეებს სთხოვს, განმარტონ, როგორ ხედავენ ისინი უკრაინაში გრძელვადიან უსაფრთხოების გარანტიებს და თავიანთ როლს მათ უზრუნველყოფაში.
ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც სააგენტო „როიტერმა“ მოიპოვა.
ექვსი პუნქტისა და კითხვისგან შემდგარ დოკუმენტში აშშ ინტერესდება, რომელ ქვეყნებს შეუძლიათ წვლილის შეტანა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში, მზად არიან თუ არა სამშვიდობო დარეგულირების ფარგლებში უკრაინაში ჯარების შეყვანისთვის და რა იქნება ევროპელების მეთაურობით უკრაინაში გასაგზავნი ძალების რაოდენობა.
დოკუმენტში ასევე არის კითხვა იმის შესახებ, თუ რისი გაკეთებისთვის არიან მზად ევროპული ქვეყნების მთავრობები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაძლიერებლად, ასევე არსებული სანქციების უფრო მკაცრად აღსასრულებლად.
ორმა ევროპელმა დიპლომატმა „როიტერს“ განუცხადა, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს დებატები იმაზე, თუ როგორი პასუხი უნდა გასცენ ევროპელმა მოკავშირეებმა აშშ-ს, თუმცა ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს კოლექტიური პასუხი უნდა იყოს.