მომავალი კვირა შეიძლება იყოს გადამწყვეტი უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის. აშშ და რუსეთი იწყებენ მოლაპარაკებებს ერთმანეთში, ევროპელი ლიდერები კი საგანგებო შეხვედრას მართავენ, იმის შიშით, რომ მათ გარეშე ყველაფერი შეთანხმებული იქნება, – ამის შესახებ Financial Times წერს.
გამოცემა წერს, რომ ევროპის ყველაზე გავლენიანი ლიდერები ორშაბათს პარიზში შეიკრიბებიან, რათა კოორდინირება გაუწიონ თავიანთ მოქმედებებს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მცდელობის ფონზე, მიაღწიოს სწრაფ შეთანხმებას ვლადიმერ პუტინთან. ამ კვირაში ტრამპის მთავარი წარმომადგენელი მარკო რუბიო საუდის არაბეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდება.
მოსალოდნელია, რომ რუბიო-ლავროვის მოლაპარაკებები ტრამპს უახლოეს კვირებში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გზას გაუხსნის. ეს კონტაქტები ხაზს უსვამს ევროპელების არარსებობას მოლაპარაკებების პროცესში, რამაც შეიძლება საბოლოოდ შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა.
„ვფიქრობ, მსოფლიო წესრიგმა ცვლილება დაიწყო“, – განუცხადა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე სტუბმა Financial Times-ს.
რუსებსა და ამერიკელებს შორის მოლაპარაკებები საუდის არაბეთში და ევროპელების საგანგებო სამიტი პარიზში, სავარაუდოდ, განსაზღვრავს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების ტრაექტორიას.
უსახელო დასავლელმა ოფიციალურმა პირმა ამ ყველაფერს უწოდა „სიგიჟე“, თუ რამდენად სწრაფად ამყარებს შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია მოსკოვთან დიალოგს.
„ერთადერთი, რაც ევროპამ უნდა გააკეთოს, არის რაც შეიძლება მეტი მისცეს უკრაინას, რათა უკეთესად თქვას „არა“ იმ საკითხებზე, რასაც აშშ და რუსეთი წამოაყენებენ“, – განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
გამოცემა წერს, რომ პარიზში საგანგებო შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები განიხილავენ იდეებს მათი მონაწილეობის შესახებ უკრაინაში ომის დასრულებაში. კერძოდ, ეს შეიძლება მოიცავდეს უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგებას ცეცხლის შეწყვეტის მომავალი ხაზის დასაცავად. ბევრი ევროპელი ლიდერი, ასევე, შეშფოთებულია იმაზე, თუ რა ბედი ეწევა ამერიკულ დახმარებას ომის დასრულების შემდეგ და რისი გაკეთება შეუძლიათ თავად ევროპელებს.
ევროპელების კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ტრამპის გუნდის წევრებს არ აქვთ საერთო შეხედულება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი. და ამავდროულად, გაუგებარია, რომელ მათგანს ექნება მეტი გავლენა ტრამპის საკუთარ აზრზე და ვის ექნება უფრო დიდი როლი მოლაპარაკების პროცესში.
მაგალითად, ევროპელი ლიდერების უმეტესობა მიესალმა ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის კით კელოგის განცხადებებს. მაგრამ აშშ-ის ახალმა სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, ევროპელებს დიდი ნდობა არ გამოუცხადა.