მაია ბითაძე: ვფიქრობ, დაფინანსების წყაროების გადაკეტვა ეტაპობრივი, დამატებითი საშუალება იქნება იმისთვის, რომ მოსახლეობა ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს ამ სიცრუის მანქანისგან
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
ვფიქრობ, დაფინანსების წყაროების გადაკეტვა ეტაპობრივი, დამატებითი საშუალება იქნება იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობა ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს ამ სიცრუის მანქანისგან, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას იმ საგრანტო დახმარებისთვის, რომელიც საქართველოსთვის გაუწევია მძიმე წლებში, როცა ეს დახმარება ქვეყანას ნამდვილად სჭირდებოდა. თუმცა, მისივე თქმით დადგა დრო, რომ სახელმწიფომ საკუთარ ხელში აიღოს დაფინანსების ის მიმართულება, რომელიც სოციალური თუ სხვა, კულტურული, გარემოსდაცვითი კუთხით აუცილებელია ქვეყანაში დაფინანსდეს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.
„ჩვენი რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობის ქცევა არასოდეს შეიცვლება, ის დარჩება ისევ იმ ჩარჩოებში, რაც იყო როგორც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ახლა ოპოზიციაში ყოფნის დროსაც. ისინი ახერხებენ, რომ ადამიანებს და ზოგადად ქვეყანას ძალიან დიდი ზიანი მიაყენონ, ეს მათი სტილია. მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ ეცლებათ და ნელ-ნელა უფრო მეტად გამოეცლებათ ის რესურსი, რასაც ფინანსური რესურსი ჰქვია, რაც ძალიან დიდ როლს თამაშობდა მათი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური დღის წესრიგის შენარჩუნებაში.
მე იმასაც ხაზი მინდა გავუსვა, რომ არც USAID-ის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა პროექტი არ იყო მიმართული იქითკენ, რომ ზიანი მიეყენებინათ როგორ საქართველოს, ისე სხვა ქვეყნებისთვის. მეორე საკითხია რამდენად უნდოდათ მათი სახელმწიფოების გადასახადის გადამხდელებს, რომ დავუშვათ საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით რაიმე პროექტი დაფინანსებულიყო.
ბოლო პერიოდში, 2020 წლის არჩევნები რომ გავიხსენოთ თუნდაც, „კანვასის“ ტრენინგები და ასე შემდეგ, ჩვენთვის, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებისთვის, თვალნათელი გახდა, რომ ამ საერთაშორისო ფინანსური რესურსის, მათ შორის აშშ-ის, ევროპის რიგი ქვეყნების მხრიდან დაფინანსებულ პროექტების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო, რომ სწორედ ჰიბრიდული მეთოდებით ადამიანების ზემოქმედების, სხვადასხვა ტრენინგების, ინფორმაციის გავრცელების, ტირაჟირებისა და ადამიანების დარწმუნების, სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით შეეცვალათ ხელისუფლება, ისეთი ადამიანებით, რომლებიც დღესაც მარიონეტები არიან მათ ხელში და უფრო კომფორტულად იგრძნობდნენ თავს თუ მარიონეტებად იქნებოდნენ ხელისუფლების სათავეში მოსულები. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ დაფინანსების წყაროების გადაკეტვა ეტაპობრივი დამატებითი საშუალება იქნება იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობა ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს ამ სიცრუის მანქანისგან.
ერთი აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ამ ძალიან დიდი მადლობა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას იმ არა სესხის, არამედ საგრანტო დახმარებისთვის, რომელიც მათ შორის საქართველოსთვის გაუწევიათ, იმ მძიმე წლებში, როცა ჩვენ ეს დახმარება ნამდვილად გვჭირდებოდა, მათ შორის სხვადასხვა გამოცდილების გაზიარების და უნარ-ჩვევების შეძენის თვალსაზრისით. მაგრამ დგება მომენტი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოსთვის მომენტი უკვე დადგა, რომ სახელმწიფომ საკუთარ ხელში უნდა აიღოს დაფინანსების ის მიმართულება,რომელიც სოციალური თუ სხვა კულტურული, გარემოსდაცვითი კუთხით აუცილებელია, რომ ქვეყანაში დაფინანსდეს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“,- აღნიშნა ბითაძემ.