აშშ-ში ძლიერი წყალდიდობისა და ქარიშხლის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ოფიციალური პირების ცნობით, კენტუკიში სულ მცირე ცხრა ადამიანი, ერთი კი ჯორჯიას შტატში დაიღუპა.
ქარიშხლის შედეგად დაიტბორა გზები და საცხოვრებელი სახლები, წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
კენტუკის გუბერნატორის ენდი ბეშიარის განცხადებით, მაშველები სამძებრო-სამაშველო ფაზაში არიან და 24 საათში 1 000-ზე მეტი სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს. გუბერნატორმა ქარიშხალი აღწერა, როგორც „ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სტიქიური მოვლენა, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში უნახავთ“.
ქარიშხალმა განსაკუთრებით დააზარალა ტენესის, კენტუკისა და ვირჯინიის შტატები.