ბექა ძამაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია N 1633-ზე: მე-5 პუნქტში აღნიშნულია, რომ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვის შედეგად, მე-11 პუნქტში უფრო მძიმე ჩანაწერია გაკეთებული, იქ საუბარია, რომ ქართული მხარე იყენებდა კასეტურ იარაღს, არაპროპორციულ ძალას და ჩადენილია ომის დანაშაულები

„2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო საერთაშორისო სასამართლოებში საქმის წარმოება. სულ რამდენიმე დღეში აგვისტოს ომიდან, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიმართა სტრასბურგის სასამართლოს და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ჰააგაში ( ICJ), საქმის წარმოების დასაწყებად, რაც შეხება ICC –ის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მისმა პროკურორმა, საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის წინასწარი მოკვლევა“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მან ყურადღება გაამახვილა ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუციაზე, რომელიც სამ საერთაშორისო სასამართლოში და ადგილობრივ დონეზე, პროკურატურაში რაიმე ფაქტობრივი გარემოების დადგენამდე მიიღეს. ძამაშვილის განცხადებით, რეზოლუცია N1633-ში გაკეთებულმა შეფასებებმა, გარკვეულწილად გავლენა მოახდინა საერთაშორისო სასამართლოებში საქმის წარმოებაზე კერძოდ, რეზოლუციის მე-5 და მე-11 პუნქტებში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვის შედეგად დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი, ქართული მხარე იყენებდა კასეტურ იარაღს, არაპროპორციულ ძალას და ჩადენილია ომის დანაშაულები.
„ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ომიდან რამდენიმე დღეში, სამი საერთაშორისო სასამართლო ჩაერთო იმისათვის, რომ გამოეკვლია, რეალურად რა მოხდა აგვისტოს ომის დროს და რა თქმა უნდა, ეროვნულ დონეზე პროკურატურამ დაიწყო ამის გამოძიება.
პირველი განვითარება ამ საქმეში, სანამ რომელიმე სასამართლოში რაიმე ფაქტობრივი გარემოება დადგინდებოდა ან შიდა გამოძიების ეტაპზე რაიმე გარემოება დადგინდებოდა, ორი თვეც არ იყო გასული, პირველი დოკუმენტი, რაც ჩნდება ამ საქმის შეფასებასთან დაკავშირებით, ეს არის 2008 წლის 2 ოქტომბერს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 1633, რომელშიც შეფასებულია ფაქტობრივი გარემოებებიც და გარკვეულწილად, სამართლებრივი შეფასებაც არის მოცემული ომთან დაკავშირებით.
საქართველოსთვის საყურადღებო იყო ორი მიმართულება, რომელმაც, გარკვეულწილად გავლენაც მოახდინა საერთაშორისო სასამართლოებში საქმის წარმოებაზე: პირველი – ამ რეზოლუციამ საკუთარი შეფასება გააკეთა ომის დაწყებასთან დაკავშირებით და რეზოლუციის მე-5 პუნქტში აღნიშნულია, რომ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვის შედეგად, აქვე,საუბარი არის, რომ ორივე მხარემ, საქართველომაც და რუსეთმაც დაარღვია საერთაშორისო სამართლის არაერთი ნორმა. მე-11 პუნქტში კიდევ უფრო მძიმე ჩანაწერია გაკეთებული – იქ საუბარია, რომ ქართული მხარე იყენებდა კასეტურ იარაღს, იყენებდა არაპროპორციულ ძალას და ჩადენილია ომის დანაშაულები – ეს არის პირდაპირ ჩაწერილი, ეს არის დოკუმენტი, რომელიც ასევე შეიძლება საყურადღებო იყოს, რომ რუსეთის დელეგაციამ, სწორედ იმიტომ, რომ ორივე მხარე იყო დადანაშაულებული, მათ შორის, რუსეთის მხარე, ხელი არ მოაწერა ამ რეზოლუციას, თუმცა, საქართველოს დელეგაციამ ხელი მოაწერა იმ ჩანაწერს, რაც იყო მათ შორის, მე-5 და მე-11 პუნქტებში. ამ რეზოლუციიდან ასევე შეიძლება საყურადღებო იყოს ერთი პუნქტი, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია არაფერი იმისათვის, რომ კონფლიქტი სრულმასშტაბიან ომში არ გადასულიყო და პირიქით, განმუხტულიყო. თვითონ ამ რეზოლუციის მითითებაც არის, რომ უკვე ის დეტალები, რომლებზეც მათ ისაუბრეს და ზოგადი სურათი გამოკვეთეს, დეტალურად უკვე ამ საერთაშორისო სასამართლოებს – სტრასბურგის სასამართლოს და ჰააგის ორ სასამართლოს, საკუთარი სამართალწარმოების ფარგლებში შეეფასებინათ“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.