leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოზარ სუბარი: 2008 წელს სააკაშვილმა დაინახა, რომ მაჟორიტარულ არჩევნებს აგებდა და კოდორის ხეობა, სადაც არჩევნები ტარდებოდა, მაგრამ არ ტარდებოდა მაჟორიტარული არჩევნები, იმიტომ, რომ ეს არის გულრიფშის რაიონის ნაწილი, საარჩევნო მიზნით, ერთჯერადად შემოუერთა მესტიას და იქ განლაგებული 3000 ჯარისკაცის ხმა წამოიღეს მესტიაში

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა  2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2008 წლის არჩევნებზე არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა,  ვიდეოკამერების ჩანაწერებიდან დასტურდებოდა, რომ მიცემული  ხმების რაოდენობა არ ემთხვეოდა და მეტი იყო ფიზიკურად  უბანზე მისული ადამიანების რაოდენობისა. მისივე თქმით, როდესაც ნახა მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომ იყო  გაყალბების უდაო მტკიცებულებები, მათ საერთოდ შეუზღუდეს წვდომა სახალხო დამცველს ამ ჩანაწერებზე.

„დღეს, როდესაც პოლიტიკურმა პარტიებმა თქვეს, რომ არჩევნები გაყალბდა და არ შემოდიან პარლამენტში, თუმცა ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს. 2008 წლის არჩევნებზე ლაპარაკობდა ქალბატონი თეა და მე ვიტყვი რამდენიმე მტკიცებულებას, რაც ხდებოდა მაშინ.

როგორც საქართველოს სახალხო დამცველი, ჩვენ ჯერ ერთი, დაკვირვებასაც ვაწარმოებდით და მეორე გამოვითხოვეთ ვიდეომტკიცებულებები, ვიდეოკამერების ჩანაწერები რამდენიმე ოლქიდან. თითქმის ყველა უბანზე ხდებოდა ჩაწერა. მაგალითად დადასტურდა ასეთი ამბები: გორში რამდენიმე უბანზე, სადაც ეწერა, ვთქვათ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო პირობითად 500 რაღაცა ხმა, ზუსტად არ მახსოვს 500 რამდენი, თორემ ციფრები,  ზუსტად მახსოვს 500 რაღაცა იყო, ამ არჩევნების დღის განმავლობაში 8 საათიდან 8 საათამდე უბანზე შევიდა 200 რაღაცა ამომრჩეველი, 250 პირობითად. ანუ დაახლოებით ორჯერ მეტი ხმა მიიღო მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმ კონკრეტულ უბანზე, ვიდრე შევიდა მთლიანად ამომრჩეველი და ასეთი იყო ძალიან ბევრი. ამაზე უფრო მეტი სისტემური დანაშაული შეუძლებელია.

როდესაც ნახა მაშინდელმა ხელისუფლებამ საით მივდიოდით და რომ მტკიცებულებები იყო უდავო გაყალბების, მათ საერთოდ შეგვიზღუდეს წვდომა ამ ჩანაწერებზე, რაც ასევე კონსტიტუციის დარღვევაა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, როდესაც 2008 წელს მიხეილ სააკაშვილი მიხვდა, რომ არჩევნებს აგებდა მესტიაში, კოდორის ხეობა შემოუერთა მესტიას და 3000 ჯარისკაცის ხმა წამოიღეს მესტიაში.

„2008 წელს უკვე საპარლამენტო მოხდა ასევე საინტერესო ამბავი. კოდორის ხეობა მოგეხსენებათ 2008 წლის ომამდე იყო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლ ქვეშ. სააკაშვილმა უბრალოდ დაინახა, რომ მაჟორიტარულ არჩევნებს აგებს მესტიაში, აგებდა ჩვენს კოლეგასთან ვიქტორ ჯაფარიძესთან და კოდორის ხეობა, სადაც არჩევნები, ბუნებრივია, ტარდებოდა, მაგრამ არ ტარდებოდა მაჟორიტარული არჩევნები, იმიტომ, რომ ეს არის გულრიფშის რაიონის ნაწილი, სწორედ ამ საარჩევნო მიზნით, მხოლოდ ერთჯერადად შემოუერთა მესტიას და იქ განლაგებული 3000 ჯარისკაცის ხმა წამოიღეს მესტიაში. 3000 კაცის ხმა, აბსოლუტურად 3000-ვე ხმა, ყოველივე დაკვირვების გარეშე იყო ეს ხმები მიცემული, იყო ერთ კანდიდატზე, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატზე მიცემული და 3000 ხმა მთლიანად წყვეტს მესტიაში არჩევნების ბედს, რომელიც მე მგონია, რომ ესეც არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორი დარღვევები ხდებოდა და როგორი დარღვევებით ტარდებოდა არჩევნები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მანვე აღნიშნა, რომ 2012 წელთან დაკავშირებით გაცილებით მეტი მასალები აქვს და ამაზე სავარაუდოდ კომისია შემდეგ მუშაობის პერიოდში იმსჯელებს.

ასევე იხილეთ